2 სექტემბერს დაკავებულ მორიგ 5 აქტივისტს ფულადი ჯარიმები შეუფარდეს

დღეს, 8 სექტემბერს კიდევ 5 იმ აქტივისტის საქმეზე გამოიტანეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომლებიც 2 სექტემბერს დააკავეს რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით.
თათია აფრიამაშვილს 5000 კარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა. 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა ნენე გაბლაიასაც მოსამართლე ნინო ენუქიძემ. 4000-4000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა დანი და ნუცა მაღრაძეებს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა. ლაშა დგებუაძეს, რომელიც სასამართლოში ჩანთაჩალაგებული გამოცხადდა და სრულ მზადყოფნაში, რომ დარბაზიდანვე გადაიყვანდნენ პატიმრობაში, მოსამართლე ნინო ენუქიძემ 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
მანამდე 5000-5000 ლარით დააჯარიმეს ნიკა კორძაძე, დავით გუნაშვილი და ლუკა დევდარიანი. 4000 -4000 ლარით დააჯარიმეს ანი ჭინჭარაული და თათა ფერაძე.
სასამართლოში გამოცხადებული აქტივისტები პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბრობენ.
თათია აფრიამაშვილის დაკავების კადრები და კომენტარი, როდესაც სასამართლოში მისი საქმის განხილვა დაიწყო, ნახეთ აქ:
ნენე გაბლაიას დაკავების კადრები:
დანი მაღრაძის კომენტარი:
პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების, სიტყვიერი შეურაცხყოფის და არასათანადო მოპყრობის შესახებ განაცხადა სახალხო დამცველის აპარატმაც, რომელმაც დაკავებულთა ნაწილი მოინახულა. ომბუდსმენის განცხადებით, დაკავებულთა ნაწილს სხეულზე აღენიშნებოდა ხილული დაზიანებები, ძირითადად, შეშუპებები, სიწითლეები და სისხლნაჟღენთები კიდურებზე.
2 სექტემბერს რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაორგანიზდა, რაც შემოდგომა-ზამთრის აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 8 პირის, რომელსაც პროკურატურა ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულს ედავებოდა, განაჩენი გამოცხადდა. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გადაკვალიფიცირებული ბრალით, მათგან სამს, ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს, 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა, დანარჩენ ხუთს კი, ინსაფ ალიევს, ირაკლი მიმინოშვილს, გიორგი გორგაძეს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოს ჯავახიშვილს — 2 წლით.
ამავე დღეს, 8 პირის განაჩენის გამოცხადებას ანტონ ჩეჩინის პროცესი. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა თბილისში მიმდინარე პროევროპული აქციების მონაწილეს, ანტონ ჩეჩინს. ანტონ ჩეჩინს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით ედავებოდნენ, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა/შენახვა/ტარებას გულისხმობს. ის ბრალს არ აღიარებს.
განაჩენების გამოცხადების პარალელურად, „ქართული ოცნების“ პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობდა, სადაც თეა წულუკიანმა საგამოძიებო კომისიის დასკვნა წარადგინა. ამიტომ აქტივისტები ჯერ პარლამენტის უკან შეიკრიბნენ, შემდეგ კი რუსთაველის გადაკეტვა დაიწყეს. ამ პროცესში პოლიციამ 25-მდე აქტივისტი დააკავა.