მიკროსაფინანსო სექტორმა 2025 წლის პირველი ნახევარი 70.6 მილიონის წმინდა მოგებით დახურა. წლიურად წმინდა მოგება 3.7 მილიონით, ანუ 5.5%-ით გაიზარდა. “ემბისის” და “კრისტალის” მისო-ების სექტორიდან გასვლის გამო, დაახლოებით 212 მლნ ლარით 1.68 მილიარდ ლარამდე შემცირდა მისოების საკრედიტო პორტფელი და კიდევ უფრო გაიზარდა სალომბარდე სესხების წილი.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ორი მსხვილი მოთამაშე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზრიდან გავიდა, სექტორმა მოგებიანობის ზრდა მაინც შეძლო. მისი შეფასებით, 15%-ით შემცირდა საკრედიტო პორტფელი, თუმცა სექტორში დადებითი ტენდენციები შეინიშნება. ნინო დევდარიანის თქმით, ამას ემატება ისიც, რომ რისკების პარამეტრები სექტორში არის კვლავ ძალიან დაბალი.
“მიკროსაფინანსო სექტორში, ორმა მსხვილმა მოთამაშემ, რომელთა ჯამური წილი მთლიანი მიკროსაფინანსო სექტორის აქტივებში იყო დაახლოებით 30%, გადაინაცვლა მიკრობანკების სექტორში და დღეს მიკროსაფინანსო სექტორი წარმოდგენილია 29 მოთამაშით. მიუხედავად ამისა, უნდა აღვნიშნოთ რომ წლევანდელი ზრდის ტემპი იყო საკმაოდ კარგი და გაუმჯობესებული წინა წლებთან მიმართებაში. დეკემბრის მონაცემებიდან, რომ ამოვიღოთ მიკრობანკების წილობრივი ნაწილი და დავტოვოთ წმინდად 29 მისო-ს წილი, წლიურმა ზრდის ტემპმა დაახლოებით 30% შეადგინა. ეს რომ შევადაროთ, ვთქვათ, წინა წლების ზრდას, მაშინ, როდესაც იყო დაახლოებით 15-16%, შესაბამისად, წლევანდელი ზრდის ტემპი ნამდვილად დადებითია, სექტორისთვის.
სასესხო პორტფელი დაახლოებით 15%-ით არის შემცირებული დეკემბრის მონაცემებთან მიმართებაში, გაზრდილია სექტორის გარკვეულწილად მოგებიანობის მაჩვენებლებიც. აქაც უნდა ვთქვათ, რომ არის გაუმჯობესება, უკუგება კაპიტალზე ექვსი თვის მონაცემებით არის დაახლოებით 14-14,5%, როცა მანამდე დაახლოებით 17-17,5% იყო უკუგებას კაპიტალზე. თუმცა, ყოველთვის აღვნიშნავ ხოლმე, რომ რა თქმა უნდა, ეს მოგებიანობა ვერ ეწევა და არ არის შესადარისი საბანკო სექტორის მოგებიანობასთან, რომელიც 25-28%-ს აღწევს.
ასევე უნდა აღინიშნოს ძალიან მდგრადი და დაბალი რისკების ტენდენციები, მათ შორის, მიუხედავად იმისა, რომ ორმა ძალიან მსხვილმა და მნიშვნელოვანმა ორგანიზაციამ დატოვა სექტორი. რისკების პარამეტრები სექტორში არის კვლავ ძალიან დაბალი.” – ამბობს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარე ნინო დევდარიანი.
bm.ge
