2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა. მტკვრის დაცვის დღე საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, კოალიცია „მტკვარ-არაქსის“ ინიციატივით, 1999 წელს დაარსდა.
გარემოს ეროვნული სააგენტო მდინარე მტკვრის აუზის ხარისხის რეგულარულ მონიტორინგს, ყოველთვიურად, 20 წერტილში, სამ თვეში ერთხელ კი, 34 წერტილში ახორციელებს. ამ კვლევების შედეგები გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება.
მტკვრის დაცვის დღესთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მდინარე მტკვარზე წყლის სინჯები აიღეს. აღებულ სინჯებში, ადგილზე ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები განისაზღვრა, ხოლო ორგანული და არაორგანული დამაბინძურებლები და მძიმე ლითონები სააგენტოს თანამედროვე სტანდარტებითა და მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით აღჭურვილ ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიის შემოწმდება, რომლის შედეგებიც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
მტკვარი საქართველოს უმთავრესი მდინარეა. მდ. მტკვრის აუზი ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთს, მთელ ცენტრალურ და აღმოსავლეთ საქართველოს, თითქმის მთელ აზერბაიჯანს, მთელ სომხეთს და ჩრდილო-დასავლეთ ირანს მოიცავს. მდინარის აუზის საერთო ფართობი 188 000 კვადრატული კილომეტრია, ხოლო მთლიანი სიგრძე 1515 კილომეტრს შეადგენს.