2 თვე გარიგების გარეშე – რატომ არ ვაჭრობენ ენერგეტიკულ ბირჟაზე?

საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე ბოლო ვაჭრობა 2024 წლის 13 ნოემბერს იყო. მას შემდეგ, არც დეკემბერში და იანვარში გარიგება ბირჟაზე არ შემდგარა. ბირჟის გახსნიდან ანუ ივნისიდან დეკემბრის ჩათვლით საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე ქვეყანაში გაყიდული ელექტროენერგიის მხოლოდ 0.28% ივაჭრებოდა. ივლის-ნოემბრის პერიოდში კი ბირჟაზე ჯამში 17.5 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გაიყიდა, მაშინ როცა გამომუშავება ამ პერიოდში თითქმის 6 მილიარდი კვტ.სთ იყო.
ბირჟის გენერალური დირექტორი ირაკლი გალდავა BM.GE-სთან ამბობს, რომ ბაზრის არსებული მოწყობის პირობებში გენერაციის ობიექტებს მოტივაცია არ აქვთ ბირჟაზე ივაჭრონ, რადგან მათთვის გაცილებით მოსახერხებელია ელექტროენერგია პირდაპირი კონტრაქტების გზით გაყიდონ.
“ახლა მდგომარეობა იგივეა, რაც წინა წლის ბოლოს. განაცხადებს თუ შეხედავთ, არსებობს სურვილი ყიდვის, მაგრამ ბაზარზე არ არიან გამყიდველები, ვისაც ექნება თავისუფალი ელექტროენერგია. ისინი, ისევ ამჯობინებენ ელექტროენერგია გაყიდონ პირდაპირი ხელშეკრულებებით, რაც უფრო მოქნილია, მიჩვეულები არიან და ბაზრის ასეთი გარდამავალი მოდელის მოწყობის პირობებში აქვთ ნაკლები მოტივაცია გაყიდონ ელექტროენერგია ბირჟაზე.
სავარაუდოდ, რაღაც უნდა შეიცვალოს ბაზრის მოდელში, რომ მათ მიეცეთ მეტი მოტივაცია, თორემ არსებულ რეალობაში, არსებულ ბაზრის მოწყობაში ორმხრივი ხელშეკრულების ბაზარზე არსებობს მეტი მოთხოვნა, ვიდრე არის მიწოდება და მათ თავისუფლად შეუძლიათ ელექტროენერგია გაყიდონ პირდაპირი ხელშეკრულებით”, – აცხადებს გალდავა.
საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა გარდამავალი მოდელით 2025 წლის 1 ივლისამდე მუშაობს. გარდამავალ მოდელში ბირჟაზე ვაჭრობა ხდება საათობრივი პროდუქტებით, ხოლო საბალანსო ელექტროენერგიისთვის საანგარიშო პერიოდია თვე. 1 ივლისიდან ვაჭრობა პლატფორმაზე სრულყოფილად უნდა დაიწყოს. დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე მოხდება საათობრივი პროდუქტებით ვაჭრობა, ასევე ამოქმედდება საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარი. სამიზნე მოდელში გათვალისწინებულია ასევე საათობრივი დაბალანსების ვალდებულება, თუმცა კონკრეტულად რა პირობებში გაგრძელდება ივლისიდან ბირჟის მუშაობა, ამაზე ბირჟის გენერალურ დირექტორს ამ ეტაპზე კონკრეტული პასუხი არ აქვს.
“სამიზნე მოდელში ოპერირებისთვის მზად ვართ, როგორც წინა წლებში, მაგრამ ვერ გეტყვით [რა იქნება ივლისიდან], მიჭირს ამ ეტაპზე პასუხი”, – უთხრა ირაკლი გალდავამ BM.GE-ს.