2 ახალგაზრდა პოლიციას უმიზეზოდ დაკავებასა და ძალადობაში ადანაშაულებს

17 ივლისს ერთმანეთის მიყოლებით გასაჯაროვდა ორი ახალგაზრდის დაკავების, პოლიციელების მხრიდან მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის ისტორია. ლუკა კინწურაშვილი და თორნიკე ობოლაშვილი ფეისბუკის პირად გვერდებზე დეტალურად იხსენებენ 9 და 15 ივლისს მომხდარ ამბებს, რაზეც, ჯერჯერობით, არც და არც სპეციალური საგამოძიებო სამსახური კომენტარს არ აკეთებენ.
ლუკა კინწურაშვილი იხსენებს, რომ 9 ივლისს თბილისში ,დღის 3 საათზე, ზოომაღაზიაში მიმავალი, ავტობუსის გაჩერებაზე სამმა პოლიციელმა დააკავა, რომელთაც სამოქალაქო სამოსი ეცვათ. კინწურაშვილის თქმით, ისინი თავიდანვე უხეშად მიმართავდნენ, არ უხსნიდნენ შეყოვნების საფუძველს და როდესაც ლუკა კინწურაშვილმა მოვლენების ვიდეოზე გადაღება დააპირა, ამაშიც ხელი შეუშალეს. რამდენიმე წუთში მოსულმა კიდევ ერთმა სამოქალაქო სამოსში გამოწყობილმა პოლიციელმა მას ტელეფონი წაართვა, რის შემდეგაც ხელებგადაგრეხილი განყოფილებაში წაიყვანეს. სთხოვდნენ ხელის მოწერას ოქმზე, სადაც აღნიშნული იყო, თითქოს კინწურაშვილი პოლიციას წინააღმდეგობას უწევდა. არ მისცეს იურისტებთან და ოჯახის წევრებთან კონტაქტის საშუალება.
„განყოფილებაში მეკითხებოდნენ, რას ვფიქრობდი „გადახრილებზე“, 17 მაისზე, მთავაზობდნენ ცხვრის მოკვლას და სისხლის დალევას (ვეგანი ვარ), რას ვფიქრობდი აბორტზე – ცხოველების სიცოცხლე თუ გადარდებს, ბავშვების (ზიგოტას) “მოკვლას” რატომ ვემხრობოდი და რაც ყველაზე საწყენია, ამას ქალი მეკითხებოდა“, — წერს კინწურაშვილი.
კინწურაშვილი მის ტელეფონში პოლიციელების ქცევის ამსახველი ვიდეოკადრების წაშლის სანაცვლოდ გამოუშვეს გურჯაანის წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან. მისი საქმის განხილვა, როგორც კინწურაშვილი ამბობს, 22 ივლისამდე გადადო მოსამართლემ.
ლუკა კინწურაშვილის მსგავს შემთხვევას იხსენებს თორნიკე ობოლაშვილი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომელია. ობოლაშვილი 15 ივლისს დააკავეს თბილისში, დაახლოებით, საღამოს 6-ის ნახევარზე.
„გაჩერებისკენ მიმავალს მომესმა სიტყვები – „ჯიგარო, აქეთ მოიწი“. როდესაც მივტრიალდი, დავინახე, რომ ჩვეულებრივ ტანსაცმელში გამოწყობილი ორი, დაახლოებით, 40 წლის მამაკაცი მე მთხოვდა მათთან მისვლას“, — ჰყვება ობოლაშვილი.
ზედაპირული შემოწმების შემდეგ პოლიციელებმა ობოლაშვილს ჩანთის გახსნა მოსთხოვეს, რაზეც ობოლაშვილმა უპასუხა, რომ იურისტი იყო, იცოდა საკუთარი უფლებები, ჩანთას არ გახსნიდა თავად და პოლიციელებს შეეძლოთ შესაბამისი პროცედურების დაცვით ჩაეტარებინათ ჩხრეკა. მუქარების ფონზე, პოლიციამ პირადობის მოწმობა აღარ დაუბრუნა ობოლაშვილს, წაართვეს ტელეფონი, რომ არაფერი გადაეღო და ისიც ხელებგადაგრეხილი მანქანისკენ წაიყვანეს.
„სანამ მანქანამდე მივედით, გზაზე წამაქციეს და ასფალტზე დამაგდეს, რის შედეგადაც იდაყვიდან და თითებიდან სისხლი წამომივიდა. ამ დროს გავიგე, რომ ერთ-ერთმა მათგანმა რაციით დამხმარე ეკიპაჟიც გამოიძახა“, — წერს თორნიკე ობოლაშვილი.
ობოლაშვილს განყოფილებაში უკვე ეუბნებოდნენ, რომ მას დაკავებულის სტატუსი არ ჰქონდა.
„მე მოვითხოვე განემარტათ სტატუსი, ვიყავი თუ არა დაკავებული, რაზეც ისევ აგდებული ტონით მითხრეს, რომ ბორკილები ხომ არ მეკეთა და თუ იურისტი ვიყავი, ეს უნდა მცოდნოდა. თუმცა, რა თქმა უნდა, პოლიციის შენობის დატოვებაზე უარი მითხრეს და „განმიმარტეს“, რომ ვიყავი არა დაკავებული, არამედ შეკავებული (პოლიციის განყოფილებაში)“, — ჰყვება ობოლაშვილი.
ადვოკატთან დარეკვაზე ობოლაშვილსაც უარი უთხრეს. თუმცა შემდეგ ერთ-ერთმა პოლიციელმა მას ტელეფონი მიუტანა.
„მითხრა, რომ უფლება მქონდა დამერეკა ადვოკატთან. მე გამოვართვი ტელეფონი და როგორც კი მას ბლოკი მოვხსენი, უკნიდან მეორე პოლიციელი მომეპარა, ტელეფონი წამართვა და გაიქცა. ხოლო დანარჩენმა პოლიციელებმა მითხრეს რომ სკამზე დავრჩენილიყავი და არ გავნძრეულიყავი“, — წერს ობოლაშვილი.
მას შემდეგ, რაც პოლიციაში დააზუსტეს, რომ ობოლაშვილი ნამდვილად საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომელი იყო, მისი თქმით, პოლიციელების ტონი შეიცვალა. თუმცა დაკავების ოქმზე ხელი ობოლაშვილმაც არ მოაწერა.
„უარი განვაცხადე 2 მიზეზის გამო: ა) ძალიან რთულად ან საერთოდ არ იკითხებოდა ოქმში რა ეწერა; ბ) რისი წაკითხვაც მოვახერხე იყო ტყუილი. კერძოდ, ოქმში ეწერა, რომ მე დაკავებისთანავე განმემარტა ჩემს მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსი და დაკავების საფუძველი, რომ მქონდა შესაძლებლობა, ჩემი დაკავების ფაქტი მეცნობებინა ახლობლებისთვის. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, არათუ ამ უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა არ მომცეს, ისიც კი არ განმიმარტეს, რომ ვიყავი დაკავებული და არა შეკავებული. ასევე, ოქმში რაც გავარჩიე, მედავებიან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას, რაც თითქოს გამოიხატა იმაში, რომ არ მივეცი ზედაპირული შემოწმების ჩატარების შესაძლებლობა. საბოლოოდ, 4 საათზე მეტი დროის განმავლობაში ვიყავი უკანონოდ დაკავებული, არ მომცეს უფლება დამერეკა, რის გამოც ბევრ ჩემთვის ძვირფას ადამიანს, მათ შორის ასაკოვან ბებიას, მოუწია ნერვიულობა. გამიჩხრიკეს ტელეფონი, ფოტო-ვიდეოსურათების განყოფილებაში ჩასულები იყვნენ წინა წლის გაზაფხულამდე. არ ვიცი კიდევ რა სახის ინფორმაციას გაეცნენ. ასევე წაშლილი დამხვდა ის რამდენიმეწამიანი ვიდეო, რომლის გადაღებაც მოვასწარი, სანამ ტელეფონს წამართმევდნენ“, — წერს ობოლაშვილი.
თორნიკე ობოლაშვილმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უკვე მიმართა რეაგირებისთვის. თუმცა ამბობს, რომ ექსპერტიზა, რაც სამსახურს უნდა დაენიშნა, აგვიანებს.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი გურამ იმნაძე კინწურაშვილისა და ობოლაშვილის შემთხვევები არა ცალკეული გამონაკლისი ინციდენტები, არამედ ხელისუფლების მხრიდან პოლიციის კონტროლის მექანიზმების მოშლის შედეგია.
„პოლიციამ უკვე იგემა კანონისგან თავისუფლების გემო, იცის უკვე რომ “შორთქათებით” მუშაობა დაშვებულია, მითუმეტეს, რომ სისტემაც ვალშია მასთან, რადგან როცა საჭირო იყო, პოლიტიკური დაკვეთა შეუსრულა მან სისტემას.
გუშინდელი შემთხვევები არ უნდა დავინახოთ, როგორც ინცინდენტური საკითხი, რადგან ეს ზუსტად იმ სისტემური პრობლემის ნაწილია, რაც ჩაკეტილობას და დაბალ ანგარიშვალდებულებას მოაქვს და რაც პირდაპირ არსებული ხელმძღვანელობის გააზრებული სტრატეგიაა. […] დღეს როგორი პრინციპებითაც იმართება სისტემა, უბრალოდ ეწინააღმდეგება პოლიციის თანამედროვე, დემოკრატიულ გაგებას“, — ამბობს იმნაძე.
შსს-სა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მომხდარზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

ასევე დაგაინტერესებთ