საქართველოს ხელოვნების მუზეუმს დაკარგული ფერწერული ნამუშევარი დაუბრუნდა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ჟან სიმეონ შარდენისათვის (1699-1779) მიკუთვნებული ნატურმორტი უწყებამ 29 ნოემბერს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს გადასცა.
1994 წლის 27 ივლისს, მუზეუმზე თავდასხმის დროს, აღნიშნული ნახატი ლუკას კრანახის მაჭანკალთან და იაკობ ვან რუისდალის ჩანჩქერთან ერთად გაიტაცეს. მაჭანკალი და ჩანჩქერი მოგვიანებით მუზეუმს დაუბრუნდა, თუმცა ჟან შარდენის სავარაუდო ავტორობით შესრულებული ნამუშევარი ამ დრომდე დაკარგულად ითვლებოდა.
კულტურის სამინისტროს ცნობით, 2023 წლის ნოემბერში ნახატი სამინისტროში მიიტანა პირმა, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა.
“სურათს ჩაუტარდა კვლევა ხელოვნების მუზეუმში ახლადშექმნილ ირაკლი ფარჯიანის სახელობის ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორიაში. ჩატარებული ტექნოლოგიური კვლევა უტყუარად ადასტურებს, რომ კვლევის ობიექტი წარმოადგენს 1994 წელს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმიდან გატაცებულ ფერწერულ ნამუშევარს. ნამუშევრის ავთენტურობა დარღვეული არ არის”. – წერია კულტურის სამინისტროს სოციალურ გვერდზე.