198-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი შეთანხმებას კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

198-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი შეთანხმებას კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის შესახებ. ის არის შედეგი კლიმატის საკითხებისადმი მიძღვნილი მსოფლიო სამიტისა (СОР28), რომელიც დუბაიში გაიმართა. შეთანხმების მონაწილეებმა მიიღეს გეგმა ატმოსფეროში მავნე ემისიების შემცირებისა და ენერგიის ეკოლოგიურ, განახლებად წყაროებზე გადასვლის შესახებ.
დოკუმენტში მითითებულ მიზნებს შორის არის წიაღისეული საწვავის (ნავთობი, გაზი, ქვანახშირი) გამოყენების შემცირება. დაისახა ამოცანა, 2030 წლისთვის სამჯერ გაიზარდოს ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენება და ორჯერ გაიზარდოს ენერგოეფექტიანობა.
წიაღისეულ საწვავზე კიდევ უფრო მეტად უარის თქმამ ატმოსფეროში სათბურის გაზების ემისია 2050 წლისთვის ნულამდე უნდა შეამციროს. მონაწილე ქვეყნები აპირებენ მომავალში შესაბამისი დადგენილებები მიიღონ სახელმწიფოებრივ დონეზე და თავიანთი ყველა სამრეწველო საწარმო აიძულონ, დაიცვან ისინი.
სამიტის პრეზიდენტმა სულთან ალ-ჯაბერმა შეთანხმებას „ისტორიული“ უწოდა. -ის პრეზიდენტი ასევე მიესალმა მას და „მნიშვნელოვანი ნიშანსვეტი“ უწოდა.
მაგრამ შეთანხმებამ კრიტიკის ტალღა გამოიწვია როგორც სამიტის მონაწილეებს, ისე დამკვირვებლებს შორის. მათ მიაჩნიათ, რომ კლიმატური ზომების მიზანი წიაღისეული საწვავის გამოყენების შემცირება კი არ უნდა იყოს, არამედ მასზე სრულად უარის თქმა. სამიტზე ასეთ ფორმულირებას ითხოვდნენ, კერძოდ, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის დელეგაციები.
ბევრი მონაწილე მიუთითებს, რომ დოკუმენტის ტექსტი შეიცავს „ხვრელებს“, რაც მისთვის გვერდის ავლის საშუალებას იძლევა. დამოუკიდებელი ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ დოკუმენტში მითითებული ზომები არ არის საკმარისი დაყენებული ამოცანების შესასრულებლად.
კრიტიკის ობიექტი გახდა თავად სულთან ალ-ჯაბერი. მისი ოპონენტები აღნიშნავენ, რომ ალ-ჯაბერი აბუ-დაბიში ხელმძღვანელობდა უდიდეს ნავთობკომპანია Adnoc-ს და შესაძლოა სამიტზე საკუთარი ბიზნესინტერესების მიხედვით მოქმედებდა.
ეს ეჭვები გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ხელმისაწვდომი გახდა დოკუმენტები სამიტისთვის მზადებისას მოლაპარაკებების შესახებ არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და მინიმუმ 27 ქვეყნის მთავრობებს შორის.
როგორც BBC-ისა და კლიმატური ჟურნალისტიკის ცენტრის გამომძიებლები აცხადებენ, ამ დოკუმენტებში ლაპარაკია არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის ხელსაყრელი შეთანხმებების გაფორმებაზე ნავთობისა და გაზის გაყიდვის სფეროში.
საერთაშორისო კლიმატური სამიტი СОР28 გაეროს ეგიდით გაიმართა დუბაიში 30 ნოემბრიდან 12 დეკემბრამდე. შემდეგი სამიტი, СОР29, 2024 წლის ბოლოს გაიმართება აზერბაიჯანში, რომელიც ნავთობის ასევე მსხვილი მომპოვებელი და ექსპორტიორია.