1929 წლიდან მომხდარი საბაზრო კატასტროფები

1929 წლიდან მომხდარი საბაზრო კატასტროფები
-ს მიერ დაწესებულ მაღალ ტარიფებზე ჩინეთის პასუხმა აზიისა და ევროპის სააქციო ბაზრების ჩამოშლა გამოიწვია, რამაც გონებაში წამოატივტივა მსგავსი საბაზრო რყევები კოვიდპანდემიის შემდეგ და ბოლო გლობალური ფინანსური კრიზისის დროს. ანალიტიკოსებმა ამ ვარდნას „ისტორიული“ უწოდეს, ზოგიერთმა კი მას „სისხლიანი აბანო“ დაარქვა. თავის მხრივ, ყოველივე ამან გასული საუკუნის დასაწყისიდან მომხდარ ფინანსურ კატასტროფებთან პარალელების გავლებისკენ გვიბიძგა.
2020 წლის მარტში აქციების კურსი მთელ მსოფლიოში მას შემდეგ ჩამოიშალა, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კოვიდ-19 პანდემიად გამოაცხადა და, ამის შედეგად, მსოფლიოს დიდი ნაწილი ლოქდაუნში აღმოჩნდა. 2020 წლის 12 მარტს – ჯანმო-ს განცხადებიდან მეორე დღეს – პარიზის ბირჟაზე აქციების ფასი 12 პროცენტით დაეცა, მადრიდში – 14 პროცენტით, მილანში – 17 პროცენტით, ლონდონში – 11 პროცენტით, ნიუ იორკში კი – 10 პროცენტით, რაც ყველაზე დიდი ვარდნა იყო 1987 წლის შემდეგ. მომდევნო დღეებში ვარდნის მაჩვენებელი გაიზარდა – აშშ-ს ინდექსები 12 პროცენტზე მეტით დაეცა. თუმცა, ეროვნული მთავრობების სწრაფმა რეაგირებამ, რომლებმაც დიდი რესურსები გაიღეს თავიანთი ეკონომიკების გადასარჩენად, შედეგი გამოიღო და ბაზრების უმეტესობა რამდენიმე თვეში აღდგა.
2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისი გამოწვეული იყო იმით, რომ ამერიკელმა ბანკირებმა არასტაბილური ფინანსური მდგომარეობის მქონე ადამიანებზე იპოთეკური სესხები გასცეს და შემდეგ ისინი ინვესტიციების სახით გაყიდეს, რამაც უძრავ ქონებაზე ბუმი გამოიწვია. როდესაც მსესხებლები ვეღარ იხდიდნენ იპოთეკურ სესხებს, მილიონობით ადამიანმა სახლი დაკარგა, საფონდო ბაზარი ჩამოიშალა და საბანკო სისტემა შეირყა, რაც საინვესტიციო ბანკ Lehman Brothers-ის დრამატული გაკოტრებით დასრულდა. 2008 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე, მსოფლიოს მთავარ საფონდო ბირჟებზე აქციების ფასები 30-დან 50 პროცენტამდე დაეცა.
ათასწლეულის დასაწყისში მოხდა ტექნოლოგიური „ბუშტის“ დეფლაცია, რაც ვენჩურული კაპიტალის გამოუცდელ კომპანიებში ფულის ჩადებამ განაპირობა. აშშ-ს ტექნოლოგიურ აქციებზე ორიენტირებულმა Nasdaq-ის ინდექსმა 2000 წლის 10 მარტს რეკორდულ ნიშნულს – 5,048.62 პუნქტს მიაღწია, თუმცა ერთ წელიწადში მან თავისი ღირებულების 39.3 პროცენტი დაკარგა. ბევრი ინტერნეტ გაკოტრდა.
1987 წლის 19 ოქტომბერს უოლ სტრიტი აშშ-ს დიდი სავაჭრო და საბიუჯეტო დეფიციტისა და საპროცენტო განაკვეთების ზრდის გამო ჩამოიშალა. დოუ ჯონსის ინდექსმა 22.6 პროცენტით დაიწია, რამაც მსოფლიო ბაზრებზე პანიკა გამოიწვია.
1929 წლის 24 ოქტომბერი ისტორიაში შევიდა, როგორც „შავი ხუთშაბათი უოლ სტრიტზე“. ამ დღეს საფონდო ბირჟა „აფეთქდა“ და დოუ ჯონსმა ვაჭრობის დასაწყისში თავისი ღირებულების 22 პროცენტზე მეტი დაკარგა. დღის განმავლობაში აქციებმა დაკარგული პოზიციები თითქოს აღიდგინეს, მაგრამ ვარდნა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდა: 28 და 29 ოქტომბერსაც დიდი დანაკარგები დაფიქსირდა იმ კრიზისის გამო, რომელმაც შეერთებულ შტატებში დიდ დეპრესიას და გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს დაუდო სათავე.
წყარო:1tv.ge