თამარაშვილის ქუჩასა და მდინარე ვერეს შორის, გაერთიანება „სამთო ქიმიასა“ და „საქჰიდროენერგომშენის“ მშენებარე სახლის მიმდებარედ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა იგეგმება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებით დავალებაზე თანხმობა 2023 წლის 21 ნოემბერს გაიცა.
პროექტის დამკვეთს შპს „იქსორი თამარაშვილზეა“, რომელსაც დაგეგმილი აქვს, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა, რომელშიც გათვალისწინებულია შემდეგი ფუნქციური სახეობების განვითარება: საცხოვრებელი; სასტუმრო; კომერციული; საზოგადოებრივი თავშეყრის; გასართობი; სპორტულ-გამაჯანსაღებელი და აღნიშნული სახეობებისთვის საჭირო დამხმარე ფუნქციების განვითარება.
„საპროექტო ტერიტორიის ფართობია 10841 კვ.მ; საიდანაც 1100 კვ.მ უკავია საჯარო სარგებლობის კეთილმოწყობილ რეკრეაციულ სივრცეს და მხოლოდ 8600 კვ.მ-ზე ხდება დაგეგმილი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა.
სამი კოშკისგან შემდგარი მრავალფუნქციურ კომპლექსში, საცხოვრებელი სექტორის ჯამური ფართობი თავმოყრილია (A და B კოშკებში) და შეადგენს საპროექტო მოცულობის 85%. პირველადი მონაცემებით საპროექტო მოცულობების სიმაღლეები მერყეობს 80 მეტრიდან -190 მეტრამდე. A- 210 მ. B- 190 მ. C- 100 მ.
პროექტის უმთავრესი და ყველაზე წამყვანი პოზიტიური მახასიათებელი თავისთავად უკავშირდება წლების მანძილზე გაჩერებულ სტადიაში მყოფი მშენებლობის ჩანაცვლება, ახალი თანამედროვე სტანდარტების მქონე კომპლექსით, რომლის ფარგლებში მოხდება კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 190 ოჯახის ბინებით უზრუნველყოფა“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
სამივე კოშკის გამაერთიანებელი, მრავალდონიანი, ნაწილობრივ მიწისქვეშა სივრცე დაეთმობა კომერციულ და ავტოსადგომებისთვის განკუთვნილ სექტორს – რომელშიც გარკვეული თანაფარდობით გადანაწილდება სასტუმროს მართვის; საოფისე და კომერციული დანიშნულების ფუნქციური სახეობები). გამაერთიანებელ სივრცეში მიწისპირა და -1 სართულზე სავარაუდოდ განთავსდება საოფისე და კომერციული სახეობები. ხოლო -2-დან -7 სართულის ჩათვლით მოეწყობა მიწისქეშა ავტოსადგომი.
საოფისე და კომერციული ფუნქციის თავმოყრა მოხდება ძირითადად A და B კოშკებში და ნაწილობრივ მიწისქვეშა სივრცის პირველ დონეზე. ხოლო სასტუმრო-საოფისე ფუნქცია განთავსდება D ბლოკში,“- აღნიშნულია განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებით დავალებაში.
შპს „იქსორი თამარაშვილზე“ 2017 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორი ვალერიან კირკიტაძეა, ხოლო მისი მფლობელები შპს „იქსორი“ (80%) და გიორგი ტაბატაძე (20%) არიან. თავის მხრივ შპს „იქსორის“ მფლობელები ვალერიან კირკიტაძე, ლევან ტურძელაძე და ალექსანდრე წულუკიძე არიან.
