19 წლის ქალის გატაცების ბრალდებით პოლონეთში საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს

პოლონეთის პოლიციამ 19 წლის გოგოს გატაცების ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა ახალგაზრდა ქალი ქალაქ სკიერნიევიცედან, მისივე საცხოვრებელი ადგილიდან ძალით წაიყვანეს. პოლიციამ გატაცებული სკიერნიევიციდან 180 კილომეტრში, ვიერუშოვაში იპოვა.
პოლონეთის პოლიციის ინფორმაციით, პარასკევს, 1 დეკემბერს, საქართველოს 43 წლის მოქალაქემ სკიერნიევიცეს პოლიციის განყოფილებას აცნობა, რომ მისი 19 წლის შვილი სამმა ქართველმა გაიტაცა. კრიმინალური დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქალის გატაცებაში ეჭვმიტანილების და მათი ავტომობილის იდენტიფიცირება მოახდინეს. 38, 37 და 33 წლის მამაკაცები ვიერუს ერთ-ერთ ბინაში რამდენიმე საათში დააკავეს.
“19 წლის ქალს, რომელიც პოლიციამ გაათავისუფლა, სამედიცინო დახმარება არ დასჭირდა, თუმცა ის შეშინებული იყო. სკიერნიევიცეს პოლიციის შტაბის შენობაში მას შეწუხებული დედა ელოდა. გატაცების შესახებ ცნობიდან 19 წლის ქალის პოვნას 5 საათი დასჭირდა” – წერს პოლონეთის პოლიცია.
ორშაბათს, 4 დეკემბერს, სასამართლომ ბრალდებულებს 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. თავისუფლების აღკვეთაში ეჭვმიტანილებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.