19 წლის ბიჭი 6 წელი უნდა ჩაჯდეს იმისთვის, რომ დროებითი ჯებირი გაანგრია? – ოკრიბელაშვილის ოჯახი

ფოტო – ტვ პირველი
რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე დაკავებული ორი ახალგაზრდა ბრალის წარდგენის მოლოდინშია. ოჯახის წევრები “პირველებთან” ამბობენ, რომ მათ არავინ დაკავშირებია.
19 წლის ომარ ოკრიბელაშვილის ოჯახის წევრები:
ფეისბუქზე გავრცელდა ვიდეოკადრები, რომ ჯებირს აზიანებს ომარი და ამის შემდეგ მოხდა მისი დაკავება სახლში. მეტი არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, ჩვენთვის არავის დაურეკავს. 6 წლით თავისუფლების აღკვეთა არის სერიოზული რაღაც, ახლა დაამთავრა ჯარი, 19 წლის არის და 6 წელი უბრალოდ რომ უნდა ჩაჯდეს იმისთვის, რომ დროებითი ჯებირი გაანგრია, არ არის სწორი,“ – ამბობს ოჯახის წევრი.
მესმის გააფუჭა, დააშავა, კარგი საქციელი არ არის, მაგრამ ამისთვის 6 წელი, სისულელეა,“ – ამბობს ახლობელი.
ცნობისთვის, ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანების ბრალდებით 2 პირია დაკავებული. ცნობით, აღნიშნულმა პირებმა სხვა დემონსტრანტებთან ერთად 14 მაისს პარლამენტთან როგორც ფიზიკური ძალის, ასევე, რკინის ნივთის გამოყენებით პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი მიზანმიმართულად დააზიანეს.
შსს წერს, რომ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით გამოძიება გრძელდება. გამოძიება 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ