19 წლის ბაიკერის საქმეზე დაკავებულ პატრულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

19 წლის ბაიკერის დაღუპვის საქმეზე დაკავებულ საპატრულო პოლიციის თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორი მარიამ ბერძენიშვილმა განუცხადა. თავად მედია სასამართლო სხდომას არ დასწრებია, რადგან მისი ჩანიშვნის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
„გამოკითხული არიან მოწმეები, საქმეში არის შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა. ამოღებულია ვიდეოჩანაწერი, რაც უშუალოდ გარდაცვლილის ჩაფხუტზე იყო მიმაგრებული. გამოძიება კვლავ გაგრძელდება“, — განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.
პროკურორის თქმით, როდესაც საპატრულო პოლიციამ შენიშნა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ბაიკერი, დაიწყო დევნა. დევნის ოპერაციაში ჩართული იყო ორი ეკიპაჟი. პატრულის თანამშრომლების თქმით, როდესაც შენიშნეს, რომ დევნის ობიექტი მათი თვალთახედვის არეალში არ იყო, ჩაუხვიეს ხუციშვილის ქუჩაზე და ყაზბეგის გამზირი გადაკვეთეს, რა დროსაც მოხდა შეჯახება.
პროკურორი არ პასუხობს კითხვას, ბაიკერისთვის გზის ჩახერგვის მიზნით ჩავიდა თუ არა პატრული ყაზბეგის გამზირზე.
19 წლის ბაიკერი რევი დემეტრაშვილი პატრულის ეკიპაჟთან შეჯახების შემდეგ, 19 ივლისს დაიღუპა. ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა პოლიციის ეკიპაჟმა მოტოციკლეტის მძღოლს გზა გადაუკეტა მისი დაკავების მიზნით. ტელეკომპანია თვითმხილველებზე დაყრდნობით ამბობს, რომ მძღოლმა ავტოსაგზაო მოძრაობის წესი დაარღვია, რის შემდეგაც მას პოლიცია აედევნა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთი თანამშრომელი თანამშრომელი პროკურატურამ დააკავა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის (ადვოკატის ინფორმაციით, ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის) ბრალდებით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
„საქმეზე ამ დროისთვის ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 ივლისს, დაახლოებით 04:35 საათზე, თბილისში, რ.დ. მისი მართვის ქვეშ მყოფი მოტოციკლით გადაჭარბებული სიჩქარით გადაადგილდებოდა,შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოსთხოვეს გაჩერება, რასაც იგი არ დაემორჩილა და განაგრძო მოძრაობა ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის მიმართულებით, რა დროსაც შეეჯახა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მოძრავ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს. მოტოციკლის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა“, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ