19 და 20 წლის ახალგაზრდები ჯგუფური ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს, მათ 11-15 წლით პატიმრობა ემუქრებათ – შსს

თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში 3 ახალგაზრდა ჯგუფური ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ უცხო ქვენის მოქალაქე დააყაჩაღეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისში ღამის საათებში, აირის პისტოლეტის გამოყენებით, თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალქეს 2005 წელს დაბადებულ კ.ბ.-ს. იარაღის დემონსტრირებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვეს თანხა და ნივთები. უკანონოდ დაეუფლნენ კომპიუტერულ ტექნიკას, სხვადასხვა ძვირადღირებულ ნივთებს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ”, – ვკითხულობთ უწყბეის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პოლიციამ უკვე ამოიღო დანაშაულის ჩადენის იარაღი და ყაჩაღობის შედეგად დაუფლებული ნივთები.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.