187 632 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი არ შეეცვალა – „საზოგადოება და ბანკები“

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მომდევნო თვეებში მოსალოდნელია, მივიღოთ გაზრდილი ფასები და შემცირებული შემოსავალი რაც მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუარესებს – ამის შესახებ საზოგადოება და ბანკების მიმოხილვაში წერია.
მათივე ცნობით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლიურად 40%-ით შემცირდა 966 მლნ. დოლარამდე, 2024 წლის პირველი სამი კვარტლის მდგომარეობით და მოსალოდნელია შემცირება გაგრძელდეს მომდევნო პერიოდებში. ასევე, მცირდება უცხოური ვალუტის შემოდინების სხვა წყაროები (გრანტები და პროგრამები) რაც აისახა ბოლო დროს ლარის გაცვლითი კურსის გაზრდილ მერყეობაზე და შექმნა გაუფასურების მოლოდინი. მეორე მხრივ, შემცირებული ეკონომიკური აქტივობიდან გამომდინარე მოსალოდნელია მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის შემცირება, რაც შეასუსტებს მსყიდველუნარიანობას და ერთობლივ მოთხოვნას.
“იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების არსებული პოლიტიკა გაგრძელდება მოსალოდნელია ეკონომიკური აქტივობის შემცირება, ლარის მკვეთრი გაუფასურება, ინფლაციური რისკების ზრდა რაც გადაითარგმნება გაზრდილ უმუშევრობაში და გაუარესებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში. 2025 წლის 29 იანვრის მდგომარეობით ლარის საშუალო გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 2.875 შეადგენს ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში. ეროვნული ბანკის მიერ მართული ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები შეზღუდულია და ეროვნული ვალუტის გაუფასურება მხოლოდ მცირე ხნით გადაავადა. ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების აქტიურმა გამოყენებას ჰქონდა მოკლევადიანი ეფექტი და შეარბილა გაუფასურება, მაგრამ რეზერვები მნიშვნელოვნად გაიხარჯა და კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რაც ქვეყნის მდგრადობაზე, და რეპუტაციაზე უარყოფითად აისახება, ასევე ინვესტორების მხრიდან შემცირებულ ნდობაში გადაითარგმნება. ეროვნული ბანკის მკვეთრი ინტერვენციები სავალუტო ბაზარზე ლარის გაუფასურების თავიდან ასაცილებლად მუდმივად ვერ გაგრძელდება.
ეროვნული ბანკი დგას მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე იმისათვის, რომ იმოქმედოს როგორც დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა. არსებულ ვითარებაში, შესაძლოა საჭირო იყო „ხელისუფლებისათვის არაპოპულარული“ და „დამოუკიდებელი“ გადაწყვეტილების მიღება და რეფინანსირების განაკვეთის გაზრდასთან ერთად ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების ხარჯვის შემცირება”, – წერს საზოგადოება და ბანკები.
შეგახსენებთ,საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე დატოვა. ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ 2024 წლის დეკემბერში საქართველოში მიზნობრივ 3%-ზე დაბალი 1.9%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა, ხოლო 2025 წლის პირველ ნახევარში მოსალოდნელია რომ ინფლაციამ წლიურ 3%-ს გადააჭარბოს, თუმცა შემდგომ წლის ჭრილში მაინც 3%-ის მიდამოში დასტაბილურდეს.