1855 ფიზიკური და 38 იურიდიული პირი კოვიდპანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმებისგან თავისუფლდება

პრემიერმინისტრმა ირაკლი მ მთავრობის სხდომაზე დღეს, 3 ივნისს განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 2000-მდე მოქალაქეს კოვიდპანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება.
მთავრობის გადაწყვეტილება 1855 ფიზიკურ და 38 იურიდიულ პირს შეეხება. თანხის ჯამური მოცულობა 5 600 000 ლარს შეადგენს.
„უკვე რამდენიმე წელია, ჩვენს მოქალაქეებს რჩებათ ჯარიმები, რომელთა ამოღება, ჩვენი აზრით, სრულიად არაგონივრული იქნებოდა. აქედან გამომდინარე, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას ამ ჯარიმების განულებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ წინადადება ჯანდაცვის სამინისტრომ მოამზადა“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა კობახიძემ.
2020 წელს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოქმედების პერიოდში, მისი დარღვევისთვის ფიზიკურ პირებს 3 000 ლარით აჯარიმებდნენ, იურიდიული პირებს კი – 15 000 ლარით.
საქართველოს 245 ათასზე მეტ მოქალაქეს და 344 იურიდიულ პირს პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმები 2021 წელს უკვე ჩამოეწერათ.

ასევე დაგაინტერესებთ