ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა 18-19 დეკემბრის ევროპულ საბჭოზე ევროკავშირის ქვეყნების ლიდერთა მიწვევის წერილის დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ საკითხების სიმრავლის მიუხედავად, ყურადღება უმთავრესად გამახვილდება ორ საკითხზე: “უკრაინასა და ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებაზე; ევროკავშირის 2028-2034 წლების ფინანსურ ჩარჩოზე”.
ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები ევროპული საბჭოს შეკრებამდე ერთი დღით ადრე – 17 დეკემბერს მონაწილეობას მიიღებენ “ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის სამიტში”.
რაც შეეხება საკუთრივ ევროპულ საბჭოს, ის დაიწყება 18 დეკემბერს, ბრიუსელის დროით, 10:00 საათზე, ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან მოსაზრებების გაცვლით.
ამის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები მოუსმენენ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. მოგვიანებით კი 27 ლიდერის ფორმატში გააგრძელებენ მუშაობას.
ანტონიუ კოშტა წერილში უკრაინის შესახებ წერს:
“მოვლენათა ბოლოდროინდელი განვითარება ევროკავშირის გადაუდებელ მოქმედებას მოითხოვს. ოქტომბრის ევროპულ საბჭოზე ავიღეთ უკრაინის მძიმე ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილების ვალდებულება 2026-2027 წლებისთვის, მათ შორის სამხედრო და თავდაცვითი ძალისხმევისთვის საჭირო ხარჯებისა. შემდეგ შეკრებაზე, მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოზე დაყრდნობით, უნდა გადავწყვიტოთ – როგორ შევასრულოთ ეს ვალდებულება.
ახლა, როცა ამ წერილს ვწერ, გრძელდება დიპლომატიური ძალისხმევა უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. ამ კონტექსტში ვიმსჯელებთ – საუკეთესოდ როგორ გავაგრძელოთ ევროპის ინტერესების დაცვა და როგორ გავაძლიეროთ უკრაინის პოზიცია მოლაპარაკებების პროცესში. ამ განტოლების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება”.
ევროპული საბჭოს მომავალი შეხვედრის დღის წესრიგის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხად კოშტა გამოყოფს ევროკავშირის “მრავალწლიან ფინანსურ ჩარჩოზე” მოლაპარაკებების ეფექტიანად გაგრძელებას. შეთანხმება მიღწეული უნდა იყოს 2026 წლის ბოლომდე, რომ 2028 წლის დასაწყისშივე მზად იყოს დაფინანსების ყველა ახალი პროგრამა.
მომავალ ევროპულ საბჭოზე გაიმართება “სტრატეგიული მსჯელობა გაფართოებისკენ წინსვლის გზაზე”. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საკითხის მნიშვნელობას განმარტავს:
“არსებული გეოპოლიტიკური კონტექსტი გამოკვეთს გაფართოებას, როგორც ევროკავშირის უმნიშვნელოვანეს გეოსტრატეგიულ ინვესტიციას მშვიდობაში, უსაფრთხოებაში, სტაბილურობასა და კეთილდღეობაში. დამსახურებაზე დაფუძნებულ მიდგომას, რეფორმის პროცესებს აქვთ არსებითად ტრანსფორმაციული ეფექტი კანდიდატ ქვეყნებში.
ზოგიერთ კანდიდატ ქვეყანაში გაწევრიანების გზაზე მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, ზოგიერთმა მათგანმა შესაძლოა არც თუ ისე შორეულ მომავალში დააკმაყოფილოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი პირობები”.
ნოემბრის ბოლოს რადიო თავისუფლებამ მოიპოვა ევროპული საბჭოს მიერ დასამტკიცებელი დასკვნების დოკუმენტის პროექტის საქართველოს შეფასების ნაწილი, რომელიც ეფუძნება ევროკომისიის გაფართოების შესახებ 2025 წლის ანგარიშს და მასში აღნიშნულია, რომ “საბჭო კვლავ ადასტურებს ევროკავშირის მხარდაჭერას ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის ევროპული მომავლისკენ მისწრაფებისადმი” და რომ “საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები კანდიდატი ქვეყნისადმი ევროკავშირის მოლოდინებს არ შეესაბამება. საბჭო აღნიშნავს სერიოზულ ზოგად უკუსვლას დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის კუთხით, ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების ძირგამომთხრელი რეპრესიული კანონმდებლობის მიღების, მართლმსაჯულების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის, ოპოზიციის ლიდერების დევნის, საპროტესტო აქციების მონაწილეებისა და ჟურნალისტების თვითნებური დაპატიმრებებისა და სამოქალაქო სივრცის დავიწროების ჩათვლით”. ევროპული საბჭოს მომავალ დასკვნებში, დიდი ალბათობით, დაგმობენ “საქართველოს ხელისუფლების მიერ დეზინფორმაციისა და ევროკავშირის საწინააღმდეგო ნარატივების გავრცელებას”, მოუწოდებენ მსგავსი ქმედებების შეწყვეტისკენ და თვითნებურად დაკავებული პირების გათავისუფლებისკენ. დოკუმენტში კიდევ ერთხელ გამოითქმება მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
მომავალ ევროპულ საბჭოზე იმსჯელებენ შუა აღმოსავლეთზეც:
“ევროკავშირმა უნდა შეასრულოს თავისი როლი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის სრულფასოვნად განხორციელებაში და იმის უზრუნველყოფაში, რომ პროცესმა მიგვიყვანოს ყოვლისმომცველ, სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობამდე, რომელიც დაეფუძნება ორი სახელმწიფოს პრინციპს”.
ევროკავშირის თავდაცვითი მზადყოფნა არის ამოცანა, რომლის შესრულების ვადად დასახელებულია 2030 წელი. მომავალ საბჭოზე შეფასდება ადრინდელი გადაწყვეტილებების შესრულება:
“ბოლოდროინდელი მოვლენები აჩვენებს, რომ რუსეთმა და ბელარუსმა გააძლიერეს ჰიბრიდული კამპანია ევროპაში. ეს შეგვახსენებს, რომ გვჭირდება ძალისხმევის გაძლიერება ყველა მიმართულებით ჩვენი თავდაცვის მზადყოფნისთვის”, – წერს ანტონიუ კოშტა.
18-19 დეკემბრის ევროპული საბჭოს ზუსტი განრიგი ჯერჯერობით არ არის გამოქვეყნებული და არც ის არის ცნობილი, როდის დასრულდება ეს სამიტი. როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აღნიშნავს, ის შეეცდება შეხვედრა ერთ დღეში დასრულდეს, თუმცა იქვე განმარტავს, რომ პრიორიტეტი არის “მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, სახელდობრ – უკრაინის დაფინანსების თაობაზე”.
ფორუმი




