18 წ. | შალვა მამუკაშვილი და მათე ბერუაშვილი მზადების შესახებ

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების დასკვნითი შეკრება დასასრულს უახლოვდება. მწვრთნელები ექვსი ერის ფესტივალზე წამსვლელ 26 მოთამაშეს შაბათს დაასახელებენ, 31 მარტს კი საფრანგეთის ქალაქ ვიშში გაემგზავრებიან.
იქ ისინი 3 აპრილს საფრანგეთს, 7-ში ინგლისს, ხოლო 11 აპრილს შოტლანდიას შეერკინებიან.
„მზადება 5 კვირის წინ დავიწყეთ. თავიდან ინტენსიურად ვერ ვვარჯიშობდით, რადგან ა ლიგის ფლეი ოფი მიმდინარეობდა, ბოლო კვირეებია კი სრული დატვირთვით ვემზადებით. რამდენიმე ტრავმა გვაქვს, თუმცა მოგვარებადია და ვფიქრობთ, ეს ბიჭები ტურნირისთვის მზად იქნებიან“.
„წლის დასაწყისია და ისეთი თამაშები გვაქვს, ბევრი გუნდი რომ ინატრებდა. საფრანგეთთან, ინგლისთან და შოტლანდიასთან თამაშის ფუფუნება არც ეროვნულ ნაკრებს აქვს, არც 20-წლამდეს და არც ‘შავ ლომს’. ეს შესაძლებლობა კარგად უნდა გამოვიყენოთ“ – ამბობს აუტის მწვრთნელი შალვა მამუკაშვილი.
„მოსამზადებელმა პერიოდმა ძალიან კარგად ჩაიარა. სამწვრთნელო შტაბიც და მოთამაშეებიც დიდი შემართებით ვართ და მზად ვართ შევერკინოთ ტიერ1-ის გუნდებს. ეს სამი თამაში ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ვეცდებით მაქსიმუმი გავიღოთ და ისე წარმოვაჩინოთ ჩვენი სახე, როგორც საქართველოს ნაკრებს შეეფერება“ – განაცხადა გუნდის ერთ-ერთმა მოთამაშე მათე ბერუაშვილმა.
Rugby.ge