უმცროსი ბორჯღალოსნების გაფართოებულმა შემადგენლობამ, რომელიც იტალიაში გასამართი 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალისთვის ემზადება, ქუთაისში ორი ხანმოკლე შეკრება გაიარა, რის შემდეგაც მოთამაშეები კლუბებს დაუბრუნდნენ.
მათ დღეს (6 მარტს) ჭაბუკთა ა ლიგის ნახევარფინალური მატჩები ელით, 7 მარტიდან კი პარმას ფესტივალისთვის მზადებას „შევარდენზე“ გააგრძელებენ.
შეგახსენებთ, 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალის ფარგლებში საქართველო 30 მარტს შოტლანდიას, 3 აპრილს საფრანგეთს, 7 აპრილს კი ინგლისს ეთამაშება.
„ამ ფესტივალში მონაწილეობა ქართული რაგბისთვის ძალიან მაგარი ამბავია. მნიშვნელოვანია, რომ ტიერ1-ის გუნდებს ადრეული ასაკიდან ვეთამაშებოდეთ – ეს მოგვცემს განვითარების საშუალებას. ვითამაშებთ განსხვავებულ
გარემოში, მაღალ ტემპში, რაც სწორედ ისაა, რისი სურვილიც გვქონდა. ახლა მთავარია ეს შესაძლებლობა კარგად გამოვიყენოთ და 20-წლამდელთა ნაკრებს უკეთ მომზადებული მოთამაშეები მივაწოდოთ“ – ამბობს მთავარი მწვრთნელი ზურაბ ამონაშვილი.
ტურნირის ფორმატი და წესები იმგვარია, რომ თამაშები განვითარებას ემსახურება: ყველა გუნდს უწევს წინასწარ გაწერილი სამი თამაშის ჩატარება; იტალიაში 26 მორაგბე მიემგზავრება და თითოეული მათგანი მინიმუმ ერთ შეხვედრაში მაინც უნდა იყოს სასტარტო შემადგენლობაში; დაშვებულია უკვე შეცვლილი მოთამაშის მოედანზე დაბრუნება:
„ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტ მოთამაშეს მივცეთ ასეთი მაღალი დონის საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა და რა თქმა უნდა – კონკურენტუნარიანები ვიყოთ. ძალიან გვიხარია რთული მოწინააღმდეგეები რომ გვეყოლება, რადგან დავინახავთ რაზე გვაქვს სამუშაო“.
მოსამზადებელი ეტაპი
18-წლამდელებს ქუთაისში უკვე ჰქონდათ 5 და 3-დღიანი შეკრებები და 2 მარტს 20-წლამდელებთან ამხანაგური თამაშიც გამართეს. 7 მარტს 35-კაციანი შემადგენლობა უკვე თბილისში შეიკრიბება და 12 და 19 მარტს ქართულ კლუბებთან (ა ლიგა + ესპუარები) კიდევ ორ თამაშს გამართავს, რის შემდეგაც საფესტივალო, 26-კაციანი რაზმი დასახელდება.
გუნდი 24 მარტს გამთენიისას ლიონში გაემგზავრება, სადაც 26-ში ‘ლიონის’ „კრაბუსებს“ (18-წლამდე) შეხვდება:
„2 მარტის თამაშმა ბევრი რამ დაგვანახა და ვმუშაობთ სუსტი მხარეების გაუმჯობესებაზე. წინ კიდევ ორი თამაში გვაქვს და იმედია ლიონში მეტ-ნაკლებად შეთამაშებული გუნდით ჩავალთ. ამ ეტაპზე შეკრებაზე ლეგიონერებიც გვეყოლება, თუმცა ლეგიონერობა იმას არ ნიშნავს, რომ ისინი გარანტირებულად მოხვდებიან 26-კაციან განაცხადში. სასიხარულოა, რომ ადგილობრივი მორაგბეები ლეგიონერებზე არანაკლებ მომზადებულები არიან და იტალიაში გასამგზავრებლად ყველას თანაბარი შანსი აქვს“.
„გარდა ამისა, არიან მოთამაშეები, რომლებიც ამ ეტაპზე 18-წლამდელთა განაცხადში ვერ მოხვდნენ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ძალიან საინტერესო თაობა გვყავს და ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია მოკლე დროში ისე განვითარდეს, რომ 20-წლამდელთა ნაკრებში ითამაშოს. ეს განვითარების დასაწყისია და სამომავლოდ, ნიჭთან ერთად, ყველაფერს შრომისმოყვარეობა გადაწყვეტს, რადგან მის გარეშე დროთა განმავლობაში ნიჭი იკარგება“.
„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ქუთაისის ბაზის პერსონალს და ადგილობრივ კლუბებს, რომლებმაც შეკრების მსვლელობისას მაქსიმალურად შეგვიწყვეს ხელი და მოედანი თუ დარბაზი, ჩვენთვის სასურველ დროს ჩვენს განკარგულებაში იყო“.