გვანცა ფოფხაძე აცხადებს, რომ 18-წლიანი მუშაობის შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან გამოუშვეს.
გვანცა ფოფხაძის თქმით, მის შემთხვევაშიც, ისევე როგორც ბოლო თვეებში გათავისუფლებული ათეულობით საჯარო მოხელის შემთხვევაში, მიზეზი ისაა, რომ ქვეყნის კონსტიტუციას უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა.
„და, აი, ის დღეც დადგა, როდესაც 18-წლიანი მუშაობის შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან წამოსვლა მიწევს. ცხადია, მათ გამომიშვეს, მაგრამ მაინც ვამბობ, რომ „მიწევს”, რაკი მთლიანობაში ეს ჩემი არჩევანი იყო – მიზეზი თავად მივეცი, როცა ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას უპირობო მხარდაჭერა გამოვუცხადე. ისეთი ავი დრო დგას, რომ კონსტიტუციის დაცვა დანაშაულად ითვლება. მე კი არც არასოდეს დამიფიცავს, რომ რომელიმე პარტიის ან ერთი კაცის სამსახურში ვიქნებოდი. ომი მშვიდობაა, თავისუფლება – მონობა, უმეცრება კი – ძალაო. თავდაცვის სამინისტროში შემთხვევით არ მოვხვედრილვარ. მებრძოლი და საქართველოზე უზომოდ შეყვარებული მამის შვილს მისი მოტივაცია, ინტერესებიც და მისწრაფებაც მემკვიდრეობით გადმომეცა. ემსახურო სამშობლოს, ქართულ ჯარს – დიადი შეგრძნება, დიადი მოტივაცია, დიადი გამოცდილებაა. ასეთ დროს ყველაფერი მეორეხარისხოვანი ხდება და სადღაც ქვემოთ რჩება. ეს „ნიჭი“ ან გაქვს, ან – არა; ან გამოგიცდია, ან – არა. თუ არ გაქვს (არ გამოგიცდია), მაშინ ამისას ვერაფერს გაიგებ და ყოველთვის უნდობლად შეხედავ. აი, თუ ვინმე ამ პოსტს პათეტიკურად ჩამითვლის, ე.ი. მას ეს არ გამოუცდია. 18 წელი – მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება – სტაჟირებიდან იმ ფუნქციამდე, რომ ქართული ჯარის მშენებლობის ხარისხზე მზრუნველთა რიგებში ვყოფილიყავი, სიღრმისეულად მესწავლა და ხედვებიც შემეძინა. ეს ფუნქცია ეროვნულიც არის და ევროატლანტიკურიც. ეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას სჭირდება. თუ კონსტიტუციის დაცვა დანაშაულია და ქართული ჯარის მშენებლობა საჭირო არაა, მაშინ რაღა მინდა თავდაცვის სამინისტროში? მადლობა ჩემს თანამოაზრე სამხედრო და სამოქალაქო კოლეგებს, რომლებმაც მთელი ეს წლები პროფესიულად გამაძლიერეს. მადლობა ჩემს dream team-ს, რომლებთან ერთადაც ნებისმიერი გამოწვევა დაძლევადი იყო. ამიერიდანაც სადაც ვიქნები და რასაც გავაკეთებ – ვემსახურები საქართველოს!“, – წერს გვანცა ფოფხაძე Facebook-ზე.
2024 წლის დეკემბრის ბოლოდან დღემდე არაერთი საჯარო უწყებიდან ასობით საჯარო მოხელე მოულოდნელად გაათავისუფლეს. ისინი ამ პროცესს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებენ. კერძოდ, „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას უკავშირდება, არაერთი საჯარო მოსამსახურე გაემიჯნა ხელისუფლების პოზიციას, ბევრმა საჯარო მოსამსახურემ, როგორც ინდივიდუალურად, ისე კოლექტიურად, გაავრცელა საჯარო განცხადება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის ერთგულებასთან დაკავშირებით.
საჯარო სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას აიოლებს 2024 წლის ბოლოს, “ქართული ოცნების” მიერ დაჩქარებული წესით, 2 დღეში დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციის დღესვე, 29 დეკემბერს, 27 სხვა კანონპროექტთან ერთად მოაწერა ხელი.
