საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის B ლიგის გამარჯვებული ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდი გახდა. გიორგი ჩხეიძის გაწვრთნილმა ვსა-მ ფინალურ მატჩში აჭარის ნაკრები 57:50 (სტატისტიკა) დაამარცხა და B ლიგის ჩემპიონის ტიტულთან ერთად უმაღლესი (A ლიგის) საგზური მოიპოვა.
ვსა-ს A ლიგის საგზურს ფინალამდეც ფლობდა. ეს იმის გამო, რომ დებულებით ერთ საკალათბურთო სკოლას A ლიგაში ერთ გუნდზე მეტის ყოლის უფლება არ აქვს, აჭარას კი უმაღლეს ლიგაში წარმომადგენელი “ბასკოს” სახით ჰყავს. ამიტომ, აჭარის ნაკრებს რომც მოეგო, A ლიგაში ვერ აინაცვლებდა.
ეს მომენტი სულ არ ყოფილა ხელის შემშლელი აჭარელთათვის, რომლებიც გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოდნენ და მხოლოდ ბოლო წუთებზე, ბრძოლაში დამარცხდნენ. რა თქმა უნდა, მთავარი მწვრთნელის, ლაშა ოჩხიკიძის ხელმძღვანელობით, აჭარელები ტიტულის მოგებას ცდილობდნენ, თუმცა ვსა-ს თავდადებულმა თამაშმა, რომელიც განსაკუთრებით ბოლო პერიოდზე მოდის, B ლიგის ჩემპიონობა თბილისში დატოვა.
ვსა-ს დავით ჭუაძემ ულიდერა, რომელმაც 1 კვირის წინ, მართვესთან ნახევარფინალურ მატჩში მიმდინარე სეზონის პირველი და ერთადერთი ოთხმაგი დუბლი შეასრულა. მწირექულიან ფინალურ მატჩში ჭუაძემ 18 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა. მოწოდების სიმაღლეზე იყო ვსა-ს მეფარე დავით ჩხიტუნიძე, რომელმაც 12 ქულა, 10 მოხსნა და 5 დაფარება მიითვალა. აჭარელთაგან 11 ქულითა და 19 მოხსნით საუკეთესო იყო ბაჩო ბალაძე.
მატჩის შემდეგ აჭარის ნაკრები ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდა, ვსა-მ კი, რა თქმა უნდა, ოქროს მედლები ჩაიბარა. ჩემპიონ-პრიზიორი კალათბურთელები და მათი მწვრთნელები სუპერლიგის დირექტორმა და ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი ჯაფარიძემ დააჯილდოვა.
ტურნირის მესამე საპრიზო ადგილი ვაკანტურია, რომლისთვისაც ერთმანეთს მართვე და თბილისი ბასკეტი, 30 ივნისს დაუპირისპირდებიან.
GBF
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
[VIDEO] დარბაზი დაინგრა – საოცრება არგენტინის ჩემპიონატის საკალათბურთო მატჩში
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
