18 წარმატებული გარიგება და სტარტაპებში ინვესტირებული $950,000 – როგორი წელი ჰქონდა AXEL-ს?

“ბოლო ერთი წლის განმავლობაში, AXEL-ის წევრების ჩართულობით 18 გარიგება შედგა, რომელთა შედეგად, ინვესტორებმა დაახლოებით $950,000 დააბანდეს, ძირითადად ქართულ სტარტაპებში”, – ასე აფასებს “საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელის”, იგივე AXEL-ის წევრი ნიკოლოზ ქევხიშვილი TECH INFORM-ში განვლილ წელს.
მისივე თქმით, თანხა, რომელიც ინვესტორებმა 2023 წელს დააბანდეს გაცილებით დიდია, ვიდრე ის მინიმალური მოთხოვნა, რომელიც მათ AXEL-ში გაწევრიანებით აქვთ განსაზღვრული.
“ენჯელ-ინვესტორთა ქსელი AXEL-ი 80-ზე მეტ წევრს აერთიანებს. ეს წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა და გაწევრიანების შემდეგ, ადამიანი ახალი კომუნის წევრი ხდება და წლის განმავლობაში მინიმუმ $5000-ის ინვესტირების ვალდებულებას იღებს. თუმცა, როგორც სტატისტიკიდან ჩანს, ინვესტორები ამ თანხაზე გაცილებით მეტს აინვესტირებენ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, AXEL-ის წევრების ჩართულობით 18 გარიგება შედგა, რომელთა შედეგად, ინვესტორებმა დაახლოებით $950,000 დააბანდეს, ძირითადად ქართულ სტარტაპებში”, – განაცხადა ნიკოლოზ ქევხიშვილმა TECH INFORM-ში.
როგორ უნდა დავაბანდოთ ფული ქართულ სტარტაპებში, არსებობს თუ არა ბარიერები და რა არის მინიმალური საინვესტიციო მოთხოვნა, ანუ რა არის ერთი თიქეთის ღირებულება – BMG-ის ტექნოლოგიურ გადაცემაში სტუმრობისას ქართველმა ენჯელ-ინვესტორმა ამ თემებზეც უსაიბრა და აღნიშნა, რომ AXEL-ის გავლით ინვესტირება მარტივია, მაგრამ ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის, ინვესტორმა უნდა აიღოს ვალდებულება, რომ წელიწადში, სულ მცირე $5000-ის ინვესტიციას განახორციელებს.
“გაწევრიანების პროცესი საკმაოდ მარტივია: დაინტერესებული პირი ავსებს განაცხადს, გადის ფორმალურ პროცედურებს და იხდის საწევრო გადასახადს, ხოლო დანარჩენ საორგანიზაციო საკითხებს თავად AXEL-ი აგვარებს.
AXEL-ში ყოველთვიურად იმართება სტარტაპებთან შეხვედრები, რომლებშიც ის კომპანიები მონაწილეობენ, რომელთაც AXEL-ის საინვესტიციო ბორდი წინასწარ არჩევს. სტარტაპები ინვესტორების წინაშე 5-წუთიან პრეზენტაციას ატარებენ და თუ სტარტაპს სურს, საინვესტიციო რაუნდი უშუალოდ ამ პრეზენტაციის შემდეგ გამოაცხადოს, იწყება დეტალური განხილვა, რომლის შემდეგ, AXEL-ის წევრები ერთმანეთს შეხედულებებს უზიარებენ.
მნიშვნელოვანი დეტალია, რომ გადაწყვეტილებას ინვესტორები ცალ-ცალკე იღებენ, რის შემდეგაც იქმნება სინდიკატი და საინვესტიციო მიზნით ფუძნდება კომპანია, რასაც AXEL-ი უზრუნველყოფს. ამ სინდიკატში ინვესტორი მინიმუმ $1000-იანი თიქეთით შედის, მაგრამ ჯამში, სინდიკატის მიერ ინვესტირებული თანხა $25,000-$35,000-ის ფარგლებში მერყეობს.
სტარტაპებისთვის ქართული ენჯელ-ფონდის მხარდაჭერა, როგორც წესი, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდევ ერთი ფაქტორი ისაა, რომ თანხის ინვესტირება საკმაოდ მალე ხდება, ანუ ინვესტირებულ თანხას კომპანია პრეზენტაციიდან 20-25 დღეში იღებს, რაც მნიშვნელოვანია განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი ს მოქნილობის შესანარჩუნებლად”, – განაცხადა ნიკოლოზ ქევხიშვილმა TECH INFORM-ში.