18 სექტემბრიდან ზოგიერთ მაღალმთიან დასახლებაში მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა დაიწყო

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 18 სექტემბრიდან ზოგიერთ მაღალმთიან დასახლებაში მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა დაიწყო.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მოსახლეობის აღწერა საქართველოში 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდება, თუმცა ამინდის შესაძლო გაუარესების და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ზოგიერთ მაღალმთიან და ძნელად მისადგომ ადმინისტრაციულ ერთეულში, კერძოდ – მესტიაში, ლენტეხში, ყაზბეგში, დუშეთის რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში (გუდამაყრის, ქვეშეთის, ხევსურეთის, უკანაფშავის, შატილის და მაღაროსკარის და ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში) და ახმეტის მუნიციპალიტეტში (მხოლოდ ომალოს ადმინისტრაციულ ერთეულში), მოსახლეობის აღწერა 2024 წლის 18 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდება.
აღწერის საველე სამუშაოებს მესტიის მუნიციპალიტეტში საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი, გოგიტა თოდრაძე ადგილზე დაესწრო.
მისი თქმით, „იმ მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში სადაც ამ ეტაპზე მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა ტარდება საველე სამუშაოები შეუფერხებლად და დაბრკოლების გარეშე მიმდინარეობს“.
„აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში საქსტატის 120-მდე ინტერვიუერი კარდაკარის პრინციპით მოსახლეობას პლანშეტური კომპიუტერების საშუალებით გამოჰკითხავს.
აღწერის წინასწარი შედეგები გამოქვეყნდება 2025 წლის ივნისში, ხოლო საბოლოო შედეგები ხელმისაწვდომი იქნება 2026 წლის ივნისში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ