18-ის ნაცვლად 9 – მილეი სამინისტორების რაოდენობას ანახევრებს

არგენტინის ახლად არჩეულ პრეზიდენტ ს მთავრობამ ხანგრძლივი კრიზისიდან ქვეყნის გამოსაყვანად პირველი ეკონომიკური ზომები დააანონსა. ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს.
კერძოდ, ეკონომიკის მინისტრ ლუის კაპუტომ განაცხადა, რომ დოლართან მიმართებაში პესოს ოფიციალური გაცვლითი კურსი, თითქმის, ორჯერ დევალვირდება (გაუფასურდება) და ერთი დოლარი 366-ის ნაცვლად 800 პესომდე ეღირება. ამით ოფიციალური გაცვლითი კურსი ქვეყანაში არსებულ საბაზრო კურსს უფრო დაუახლოვდება, რომლის მიხედვითაც დოლარი, დაახლოებით, 1070 პესო ღირს.
ამასთან, ხელისუფლება სამინისტროების ზომისა და რაოდენობის შემცირებას აპირებს, რომ სამთავრობო ხარჯები დაზოგოს. კერძოდ, რაოდენობა განახევრდება და 18-ის ნაცვლად 9 სამინისტრო დარჩება. მილეის მთავრობა შეამცირებს ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სუბსიდიებს, ასევე, ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს გაყინავს, რომლის რეალიზებაც ჯერ არ დაწყებულა.
ლუის კაპუტოს თქმით, მთავრობის მიერ მიღებული ზომები არგენტინის მოსახლეობას მოკლევადიან პერსპექტივაში დააზარალებს, მაგრამ, მინისტრის შეფასებით, ქვეყანას კრიზისიდან სხვა გამოსავალი არ აქვს.
„მიზანი მარტივია: თავიდან ავიცილოთ კატასტროფა და ეკონომიკა საჭირო გზაზე დავაბრუნოთ. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ პრობლემების საფუძველი აღმოვფხვრათ და საბიუჯეტო დეფიციტზე დამოკიდებულებისგან გავთავისუფლდეთ. ფული აღარ არის და იმაზე მეტს აღარ უნდა ვხარჯავდეთ, ვიდრე გამოვიმუშავებთ. ეს უნდა დასრულდეს!,“ – აცხადებს მინისტრი.
კაპუტოს მონაცემებით, ბოლო 123 წლიდან 113 წელი არგენტინამ ბიუჯეტის დეფიციტით დაასრულა.

ასევე დაგაინტერესებთ