“18 დღე გავიდა, ჯერ არავინ გამოუკითხავთ” – გურამ როგავა დაზარალებულად სცნეს

ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი, გურამ როგავა, რომელსაც აქციაზე ძალადობის გამო სახის ძვლები და კისრის მალა აქვს მოტეხილი, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულად სცნო. 16 დეკემბერს იგი უწყებაში კიდევ ერთხელ გამოკითხეს.
“ფორმულასთან” ინტერვიუში ჟურნალისტი გამოკითხის დეტალებს იხსენებს. იგი ამბობს, რომ მისი გამომძიებელთან შეხვედრა ახლა, უფრო “ფორმულური” ხასიათის იყო და ძირითადად, ის დოკუმენტები გააცნეს, რაც აქამდე შეადგინეს მის საქმეზე.
როგავა ჰყვება, რომ მასზე ძალადობიდან 18 დღის შემდეგაც, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს არავინ გამოუკითხავს. მისივე ინფორმაციით, გამოძიებას ჯერ არც სათვალთვალო კამერების ჩანაწერები აქვს.
“ვიკითხე, ვინ გამოკითხეთ? ჯერ არავინ გამოუკითხავთ, 18 დღე გავიდა. ვიკითხე, თუ ამოიღეთ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები? საავადმყოფოში გამომძიებელს ხაზგასმით ვუთხარი, რომ იქ არის უამრავი კამერა, იქ არის “თბილისი მერიოტი”, სხვადასხვა კერძო კომპანიების დაწესებულებები, ოფისები, გარდა -ს კუთვნილი კამერებისა რუსთაველის გამზირზე, რომელიც უპრეცენდენტე რაოდენობითაა. კადრში ჩანს, რომ ის [სპეცრაზმელი] გარბის. კი, ნიღაბი უკეთია, მაგრამ შემდეგ რომ გაიქცა, იქნებ, სადმე მოიხსნა, ვის შეუერთდა? სად მივიდა? ეს ყველაფერი ჩანს კამერებში. პასუხი რა იყო დღეს? – “მიმდინარეობს გამოთხოვის პროცესი”. წლების შემდეგაც იტყვიან ალბათ, რომ მიმდინარეობს… ვკითხე გამომძიებელს, შეგიძლიათ მითხრათ, როდის მოითხოვეთ ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერები? როდის მიმართეთ შსს-ს? პასუხი იყო: “სამწუხაროდ, არ მახსოვს”, – ჰყვება გურამ როგავა და მოგვიანებით, ამატებს, რომ ექსპერტიზა მას ამ დრომდე არ ჩატარებია და მისი სისხლიანი ტანსაცმელი, თავისივე ინიციატივით მიიტანა საგამოძიებო უწყებაში.
როგავას თქმით, გეგმავს, იურისტთან ერთად დაწეროს განცხადება და მისი საქმის მასალებზე წვდომა მოიპოვოს.
გურამ როგავაზე სამართალდამცავებმა 29 ნოემბერს, გვიან ღამით, აქციის დაშლის დროს იძალადეს. ძალადობის კადრი რადიო თავისუფლებამ გადაიღო.
მკურნალი ექიმის განცხადებით, გურამ როგავას აქვს სახის ძვლების მოტეხილობა, ასევე კისრის მეშვიდე მალის რკალის მოტეხილობა.