150 ახალი ფილიალი, ლოგისტიკური ცენტრი, მსხვილი ინვესტიციები – “ნიკორა ტრეიდის” 2024 წლის გეგმები

FMCG (პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობის) სექტორის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე “ნიკორა” მიმდინარე წელს 150 ახალი ფილიალის გახსნას გეგმავს, რაშიც კომპანია 70 მილიონი ლარის ინვესტიციას ჩადებს. ფილიალების ნაწილი დედაქალაქშიც გაიხსნება, თუმცა კომპანიის მხრიდან უფრო დიდი აქცენტი რეგიონებზე კეთდება.
ფილიალების გახსნის გარდა კომპანიის წლევანდელი გეგმები მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასაც მოიაზრებს. კომპანიის განვითარების სტრატეგიაზე “ნიკორა ტრეიდის” აღმასრულებელი დირექტორი, თემურ ალექსანდრია BMG-სთან საუბრობს.
გეგმის მიხედვით კომპანია წელს, თბილისში დიდი ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობას იწყებს. აღნიშნულ პროექტში ინვესტიციის ზუსტი მოცულობა ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, თუმცა როგორც “ნიკორა ტრეიდის” აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს საუბარი ათობით მილიონი ლარის ინვესტიციაზეა.
“ტერიტორია უკვე შერჩეული და შეძენილია. ეს არის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია. ლოგისტიკური ცენტრი 10 ჰექტარ მიწის ფართობზე განთავსდება, აქედან ფიზიკური ინფრასტრუქტურა შენობის სახით 4 ჰექტარ ფართობზე იქნება. ცენტრი სრულად თანამედროვე ტექნოლოგიებითა და დანადგარებით იქნება აღჭურვილი. აღსანიშნავია ისიც, რომ ლოგისტიკური ცენტრის აშენების შემდეგ დამატებით 800 სამუშაო ადგილს შევქმნით”, – ამბობს “ნიკორა ტრეიდის” აღმასრულებელი დირექტორი, თემურ ალექსანდრია.
“ნიკორა ტრეიდის” აღმასრულებელმა დირექტორმა BMG-სთან სამომავლო გეგმებზე საუბრის გარდა 2023 წელიც შეაჯამა და აღნიშნა, რომ გასული წელი კომპანიისთვის საკმაოდ წარმატებული იყო და ამ ფაქტს რიცხვებიც ადასტურებს.
“გასულ წელს 50 მილიონი ლარის ინვესტიციით 145 ახალი ობიექტი გავხსენით, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ასევე გაყიდვების კარგი ზრდა გვქონდა. “ს” კვლევის თანახმად, რომელიც ცხრა თვის შედეგებს ეყრდნობოდა [FMCG] სექტორის ზრდა 25% იყო, ჩვენ შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია და დაახლოებით 30%-ს აღწევს”, – განმარტავს თემურ ალექსანდრია.
ცნობისთვის: “ნიკორა ტრეიდი” მთელი ქვეყნის მასშტაბით 600 ფილიალს მართავს. ჯამურად “ნიკორა”-სა და “ლიბრეს” სუპერმარკეტების ქსელები 8100 თანამშრომელს აერთიანებს.