2022 წელს ცნობილი გახდა, რომ ყაზანში, რუსეთში მცხოვრები მოციგურავე, ინგა გურგენიძე საქართველოს ნაკრებს შეუერთდებოდა. ინგა მაშინ 13 წლის იყო.
ინგა გურგენიძის წარმატების გზა
ახალგაზრდა სპორტსმენმა საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად საჭირო პროცედურები გაიარა და მისი დებიუტი საქართველოს სახელით მალევე შედგა, თუმცა ამას რუსეთის მხრიდან აღფრთოვანება არ მოჰყოლია და რუსული გამოცემები აქტიურად წერდნენ იმის შესახებ, რომ საქართველო მათ სპორტსმენებს ართმევს.
“საქართველოს ნაკრების რიგები რუსეთიდან კიდევ ერთი მოციგურავით შეივსო. ინგა გურგენიძე 13 წლისაა, მას უკვე შეუძლია ახალგაზრდულ საერთაშორისო შეჯიბრებებზე გამოსვლა და… არავინ იცის, მიეცემოდა თუ არა ამის შანსი, რუსეთში რომ დარჩენილიყო. საქართველოში გადასვლით კი მას რეალურად შეუძლია, ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად იბრძოლოს და სამომავლოდ ნაკრების ლიდერიც გახდეს”, – წერდა რუსული გამოცემა „ჩემპიონატი“.
მართლაც, ინგა გურგენიძემ საქართველოს სახელით არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.
2022 წლის ოქტომბერში იუნიორთა შორის გრან-პრის მე-6 ეტაპი იტალიის ქალაქ ეგნაში გაიმართა, ტურნირში 37 ქვეყნის 44 სპორტსმენი მონაწილეობდა. ბოლო, მე-6 ეტაპზე ინგა გურგენიძემ მე-3 ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა.
მოგვიანებით ინგა გურგენიძემ კიდევ ერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. 2023 წლის თებერვალში Dragon Trophy & Tivoli-ს თასზე ქართველმა მოციგურავემ ოქროს მედალი მოიპოვა.
2023 წელს ინგას მნიშვნელოვან წარმატებებს შორის ასევე გერმანიაში, NRW თასზე 31 მონაწილეს შორის გამარჯვებაც იყო. ამ ჩემპიონატზე 17 სხვადასხვა ქვეყნიდან გაემგზავრნენ ახალგაზრდა გოგონები, ინგამ კი მათ შორის უპირობო ლიდერობა მოიპოვა როგორც მოკლე, ისე თავისუფალ პროგრამაში, ჯამში 20-ზე მეტი ქულით.
სულ რამდენიმე დღის წინ კი ინგამ საქართველოსი მიმდინარე ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ისტორიული მედლის მოპოვება შეძლო. 15 წლის მოციგურავემ თავისუფალ პროგრამაში ყველაზე მაღალი შედეგი დააფიქსირა.
“ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული გავხდი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ასჯერ უფრო კარგად გამოსვლა შემიძლია. რაც შეეხება დასაწყისში დაშვებულ ხარვეზს, როგორც ჩვენ სახეობაში, ასევე მთლიანად სპორტში არსებობს როგორც დაცემა, ასევე წამოდგომა. კარიერაში დიდ მიზნებს ვისახავ და ეს წარმატება იმ უდიდესი გზის ლამაზი დასაწყისია, რომელიც უნდა გავიარო”, – თქვა ინგა გურგენიძემ წარმატებული გამოსვლის შემდეგ.
