კიევის პოდოლსკის რაიონის სასამართლომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი დამნაშავედ ცნო დეზერტირობის ხელშეწყობასა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ორგანიზებაში და დაუსწრებლად მიუსაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სასამართლომ განაჩენი დღეს, 28 აპრილს გამოაცხადა. იანუკოვიჩს, რომელიც ამჟამად რუსეთში იმყოფება, უკრაინის სასამართლომ დაუსწრებლად უკვე მეორედ გამოუტანა განაჩენი.
გამოძიების თანახმად, 2014 წლის 23 თებერვალს ვიქტორ იანუკოვიჩმა რუსეთის წარმომადგენლებთან შეთანხმებით, უახლოესი გარემოცვის სულ მცირე ოც წარმომადგენელთან ერთად, საჰაერო გზით უკანონოდ გადაკვეთა უკრაინის საზღვარი.
2013 წლის ნოემბერში უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის პროცესი შეაჩერა, რასაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.
2014 წლის თებერვალში იანუკოვიჩი, რომელსაც დაკავება ემუქრებოდა, თანმხლებ პირებთან ერთად, რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მითითებით უკრაინიდან სამხედრო ვერტმფრენებით გაიყვანეს.
2019 წლის იანვარში უკრაინის სასამართლომ ვიქტორ იანუკოვიჩს სახელმწიფო ღალატისა და აგრესიული ომის წარმოების ბრალდებებით დაუსწრებლად მიუსაჯა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.
იანუკოვიჩი უკრაინის პრეზიდენტი იყო 2010 წლის 25 თებერვლიდან 2014 წლის 22 თებერვლამდე.
ფორუმი
