უკვე ორ ათეულ წელზე მეტია, ცერერა ქართულ ბაზარს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკვები პროდუქტებით ამარაგებს. მისი ისტორია 2004 წელს ზუგდიდში, ხორბლის გადამმუშავებელი საწარმოთი დაიწყო. წლიდან წლამდე მუდმივ ზრდაზე ორიენტირებულობით კი ახლა ცერერა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საცხობსაც ფლობს და წარმოების გაფართოებასაც ისახავს მიზნად.
2011 წლიდან ცერერას ფინანსური პარტნიორი საქართველოს ბანკია. კომპანიამ ბანკის ინვესტიციით არაერთი პროექტი განახორციელა. ამ სტატიაში კი სწორედ ამ თანამშრომლობის შესახებ გიამბობთ.
„2004 წლიდან ცერერა ხორბლის გადამუშავებითა და შედეგად მიღებული სხვადასხვა სახის ფქვილისა თუ ქატოს რეალიზებითაა დაკავებული. არეალი — ქართული ბაზარია, რომლისთვისაც ყოველთვიურად 2500 – 3000 ტონა ხორბალს ვამუშავებთ. ჩვენი მაქსიმალური წარმადობა 9000 ტონა ხორბალია თვეში, საცავების ტევადობა კი 35 000 ტონაა. ახლა ჩვენი მთავარი მიზანი კომპანიის სრულ დატვირთვაზე გადაყვანაა, რომელსაც სტაბილური ნაბიჯებით ვუახლოვდებით“, — ამბობს ცერერას კომერციული დირექტორი, ირაკლი ხაინდრავა.
ცერერასა და საქართველოს ბანკის პარტნიორობა 15 წლის წინ დაიწყო და როგორც ირაკლი ხაინდრავა აღნიშნავს, ამ გზაზე ბანკი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა:
„ჩვენი დღევანდელი მიზანი — მივაღწიოთ საწარმოს სრულ დატვირთვას — არა მარტო კომპანიას, არამედ მთელ რეგიონს ეკონომიკურ სტიმულს მისცემს. ამ გზაზე კი საქართველოს ბანკის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია — პირველი ფინანსური რესურსი 2011 წელს ავიღეთ და მას შემდეგ, ფაქტობრივად, ყველა მნიშვნელოვანი პროექტი ბანკის მხარდაჭერით განვახორციელეთ.“
მისი თქმით, თანამშრომლობა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერით არ შემოიფარგლება:
„საქართველოს ბანკის მხრიდან ყოველთვის ვიღებდით და ვიღებთ გულისხმიერ პარტნიორულ დამოკიდებულებას ჩვენი ბიზნესისადმი. არაპროგნოზირებად ბაზარზე ეს ძალიან მნიშვნელოვანია — გყავდეს სტაბილური და სანდო პარტნიორი. ამას კიდევ უფრო ვაფასებთ დღეს, როცა ინვესტიცია ჩავდეთ ახალ პროექტში — აღნიშნავს ირაკლი ხაინდრავა.
საცხობი, რომელზეც ირაკლი ხაინდრავა საუბრობს, ცოტა ხნის წინ გაიხსნა. იგი თანამედროვე დანადგარებით აღიჭურვა და მაქსიმალური წარმადობა 10 000 – 12 000 ერთეული პურით განისაზღვრა. ინვესტიციამ კი 2 000 000 ლარი შეადგინა.
„ახალი პროექტი — თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო ჩვენი მრავალწლიანი მჭიდრო პარტნიორობის ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოხატულებაა. სასიამოვნო და საამაყოა, რომ წლიდან წლამდე ვხედავთ ცერერას მუდმივ განვითარებასა და ზრდას. რაც მთავარია, გვიხარია, რომ ამ გზაზე კომპანიას ფინანსურ მხარდაჭერას ვუწევთ უკვე 15 წელია. ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორობას და გვჯერა, რომ მომავალში ცერერას კიდევ არაერთ საინტერესო პროექტს დავუჭერთ მხარს“, — ამბობს ზაზა ფიფია, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი.
საგულისხმოა, რომ ამ პროექტით ცერერამ 50 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა და ადგილობრივები დაასაქმა. ახლა კი კომპანიის უახლოეს სამომავლო გეგმებში ფქვილის ექსპორტზე გატანაა, რისთვისაც მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს.
