14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულმა უარი თქვა, საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ

14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმის არსებით განხილვას თელავის რაიონული სასამართლო 21 დეკემბრიდან დაიწყებს – ამის შესახებ ჟურნალისტებს დღევანდელი სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ უთხრა პროკურორმა ვლადიმერ ბექიშვილმა.
„დღევანდელ პროცესზე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმე არსებითი განხილვისთვის გადაეცა და პირველი სხდომა დაინიშნა 2023 წლის 21 დეკემბერს. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეუბნებით იქიდან გამომდინარე, რომ სხდომა არის დახურული“, – თქვა პროკურორმა ბექიშვილმა.
სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულის, ასიმ ასლანოვის ადვოკატმა ლევან მამუკელაშვილმა. მისი თქმით, ბრალდებული არცერთ ეპიზოდში თავს დამნაშავედ არ ცნობს და უარს ამბობს, საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.
„ბრალდებულმა უარი განაცხადა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესაძლებლობის გამოყენებაზე. საქმე გადაცემულია არსებითი განხილვისთვის“, – უთხრა ჟურნალისტებს ადვოკატმა.
საგამოძიებო მასალების მიხედვით, 14 წლის აითაჯ შახმაროვა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს მოკლა ასიმ ასლანოვმა, რომელმაც მანამდე რამდენიმე თვით ადრე გოგო იძულებითი ქორწინების მიზნით გაიტაცა, მოზარდის წინააღმდეგობისა და სახლიდან რამდენჯერმე გაქცევის მცდელობის შემდეგ კი მოკლა და მიიმალა.
ასიმ ასლანოვის გარდა, საქმეზე დაკავებული არიან მისი ბიძა და ბიძაშვილი. მათ დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს ბრალი. დააკავეს ასევე მოკლული აითაჯ შახმაროვას დედა და ბიძა – ისინი ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არიან ბრალდებული. ეს ცალკე საქმედ განიხილება. იმის გათვალისწინებით, რომ დაკავებულები ქვემო ქართლიდან არიან, სასამართლო პროცესები რუსთავში მიმდინარეობს.
მკვლელობაში ბრალდებულ ასიმ ასლანოვს სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით ასამართლებენ. ესენია მე-11 პრიმა 109-ე მუხლი, რომელიც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს; 150-ე პრიმა მუხლი, რომელიც ქორწინების იძულებას გულისხმობს; 140-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან და 236-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ასიმ ასლანოვს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი მარგველაშვილი – ახლა მთავარია გამარჯვება და გადარჩენა იმ კატასტროფული გეგმიდან, რომელიც „ოცნებამ” საქართველოს ანექსირებისთვის შეიმუშავა – არ მაქვს ნათელი პოზიცია რა თანამდებობაზე მექნება პრეტენზია, დღეს ვარ მხოლოდ ბრძოლის ჟინზე