14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო სხდომები დაიხურა

დღეს, 30 ნოემბერს, თელავის რაიონულ სასამართლოში, 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულის, ასიმ ასლანოვის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესზე დაცვის და ბრალდების მხარეებმა არსებითი განხილვისთვის ტექნიკური საკითხები დააზუსტეს და საქმეში არსებული მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.
იმის გათვალისწინებით, რომ საქმის ერთ-ერთი ეპიზოდი სქესობრივ დანაშაულს ეხება, პროკურატურამ სხდომის დახურვა მოითხოვა, შუამდგომლობა მოსამართლე თამარ კაპანაძემ დააკმაყოფილა.
„საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, შესაბამისად შინაარსობრივ დეტალებზე ვერაფერს ვერ გეტყვით. დღევანდელი პროცესი ეხებოდა მტკიცებულებათა დასაშვებობას და ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვების საკითხს“ – უთხრა რადიო თავისუფლებას პროკურორმა ვლადიმერ ბექიშვილმა.
დაკავებულის ადვოკატმა, ლევან მამუკელაშვილმა განაცხადა, რომ მკვლელობაში ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.
საგამოძიებო მასალების მიხედვით, 14 წლის აითაჯ შახმაროვა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს მოკლა ასიმ ასლანოვმა, რომელმაც რამდენიმე თვით ადრე იძულებითი ქორწინების მიზნით გაიტაცა. მოზარდის წინააღმდეგობისა და სახლიდან რამდენჯერმე გაქცევის მცდელობის შემდეგ კი მოკლა და მიიმალა.
მკვლელობაში ბრალდებულ ასიმ ასლანოვის გარდა საქმეზე დაკავებული არიან, მისი ბიძა და ბიძაშვილი. მათ დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს ბრალი.
ასევე დაკავებულია მოკლული აითაჯ შახმაროვას დედა და ბიძა – ისინი ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არიან ბრალდებული. ეს ცალკე საქმედ განიხილება.
იმის გათვალისწინებით, რომ დაკავებულები ქვემო ქართლიდან არიან, სასამართლო პროცესები რუსთავში მიმდინარეობს.
მკვლელობაში ბრალდებულ ასიმ ასლანოვს სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით ასამართლებენ. ესენია მე-11 პრიმა 109-ე მუხლი, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 150-ე პრიმა მუხლი, რაც ქორწინების იძულებას გულისხმობს. 140 მუხლი სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან და 236-ე მუხლი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ასიმ ასლანოვს 16-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – მე ველი ყველანაირ რეპრესიებს, მათ შორის პირადად ჩემს მიმართ – 26 ოქტომბრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე რეჟიმი აუცილებლად გამოყრის სხვადასხვა ჩანაწერს ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით