$130 მილიონიანი „პარაგრაფ თაბორის“ მშენებლობის დასრულება წელს იგეგმება

თბილისთან ახლოს, თაბორის მთაზე სასტუმრო „პარაგრაფ თაბორის“ მშენებლობის დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება. როგორც „კომერსანტს“ საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდში განუცხადეს, მშენებლობა აქტიურ ფაზაშია და მისი დასრულება 2024 წლის ბოლო იგეგმება.
„პარაგრაფ თაბორი“ პანორამა-თბილისის ნაწილია, რომელიც რამდენიმე პროექტს აერთიანებს. ის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მეტად გახმაურებული, მასშტაბური, ძვირადღირებული და ხანგრძლივი ისტორიის მქონე პროექტია. პროექტის შესახებაც პირველად 2014 წელს, ჯერ კიდევ გიგი უგულავას მერობის პერიოდში გახდა ცნობილი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჯამური საინვესტიციო ღირებულების მოცულობა, დასრულების ვადა და უშუალოდ პროექტის დეტალები რამდენჯერმე შეიცვალა.
თავდაპირველად კომპლექსისთვის 4 წერტილი შეირჩა: თავისუფლების მოედანზე ყოფილი ცეკავშირის შენობა, ერეკლე მეორის მოედანზე მდებარე ქარვასლა, სოლოლაკის ქედი და თაბორის მთა. საინვესტიციო ღირებულებად $600 მლნ დასახელდა. ითქვა ისიც, რომ პროექტი 3 წელიწადში დასრულდებოდა.
Paragraph Tabori ჯამური საინვესტიციო მოცულობა ბოლო ინფორმაციით, 130 მლნ დოლარს აღწევს. ფონდის ინფორმაციით, მართალია პროექტის დასრულება 2024 წლის ბოლოს იგეგმება, თუმცა როდის მიიღებს სასტუმრო სტუმრებს კონკრეტული თარიღის დასახელება უჭირთ, რადგან სასტუმროს მართვაში „მარიოტის“ უმაღლესი კლასის Luxury Collection შედის და ამ გადაწყვეტილებასაც ისინი იღებენ.
„პარაგრაფ თაბორი“ 177-ნომრიანი სასტუმრო იქნება, რომელიც გარშემორტყმულია მასშტაბური რეკრეაციული სივრცით და 9-ფოსოიანი გოლფის მოედნით, რომელიც ამ პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანია.