გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 13 წლის გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებულ ბიძას წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. იქიდან გამომდინარე, რომ საქმე არასრულწლოვანს ეხება, სასამართლო სხდომა მედიისთვის დახურული იყო. კომენტარზე უარი თქვა ბრალდებულის ადვოკატმა გია ფარადაშვილმა.
თავად ბრალდებული ამ დრომდე კახეთის ერთ-ერთ კლინიკაში, მართვით სუნთქვაზე, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ 18 იანვარს, გურჯაანის რაიონში, ერთ-ერთი ფერმის ტერიტორიაზე, მამიდის ქმარმა 13 წლის მოზარდი გააუპატიურა. ამბის გახმაურების შემდეგ მოძალადე გოგონას მეორე ბიძამ დაჭრა. აღკვეთის სახით მასაც წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
გაუპატიურებაში ბრალდებულის წინააღმდეგ კი გამოძიება სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იხილეთ ასევე:
· კახეთში გოგო მამიდის ქმარმა გააუპატიურა | სავარაუდო დამნაშავე დაჭრილია