ბიძინა ივანიშვილი 2012 წლის არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვების 13 წლისთავთან დაკავშირებით წერილს ავრცელებს. “კიდევ ერთი გამოცდა გველოდება 4 ოქტომბერს” – წერს ის წერილში, რომელშიც მრავლადაა ანტიდასავლური გზავნილები მისი თანაგუნდელების განცხადებების მსგავსად.
“13 წელი მართლაც დიდი დროა, თუმცა 2012 წლის პირველი ოქტომბრის იდეალები არსად გამქრალა და ჩვენი გუნდის მოქმედების მთავარი საფუძველიც სწორედ ეს ღირებულებებია. ამის საუკეთესო შემფასებელი კი კვლავ ბრძენი ქართველი ხალხია, რომელიც დღესაც ისევე გვაძლევს უფლებას მათ წარმოვადგენდეთ, როგორც 2012 წელს და რომელსაც ვერც სიცრუით, ვერც პროპაგანდით, ვერც დაპირებებით, ვერავინ გააცურებს”, – წერს ივანიშვილი.
ივანიშვილის თქმით, 2012 წლის შემდეგ საქართველოში მდგომარეობა ”კარდინალურად არის გაუმჯობესებული”, თუმცა იყო “შეცდომებიც”:
“რა თქმა უნდა, განვლილ 13 წელიწადში იყო შეცდომებიც, თუმცა, საბედნიეროდ, არა იმ ხარისხის, რომ ჩვენს სახელმწიფოებრიობას თუ ფიზიკურ არსებობას საფრთხე დამუქრებოდა, არა იმ ხარისხის, რომლის გამოსწორება და აღმოფხვრაც შეუძლებელი იქნებოდა.
პირადად ჩემთვის, უმძიმესია, რომ განვლილ წლებში ჩვენი გუნდის შიგნით იყო მუხანათური ღალატიც, რამაც არამხოლოდ ქართული ოცნება დააყენა კრიზისის წინაშე, არამედ ქართველ ხალხსა და ჩვენს ქვეყანას შეუქმნა განვითარების ტრაექტორიიდან აცდენის, ქვეყნის სათავეში უცხო ინტერესების მორჩილი ძალების დაბრუნების რეალური საფრთხე. წარსულში ჩვენი გუნდის არაერთმა წევრმა გადაწყვიტა, რომ გავლენიანი უცხო ძალების მორჩილებაში გადასვლას ან ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაზიანების ხარჯზე პირადი კომფორტისთვის ზრუნვას, მათთვის დიდი სარგებლის მოტანა შეეძლო, შესაბამისად, გუნდისა და ქვეყნის ინტერესების გვერდით გადადებაც ღირდა, თუმცა ჩვენ ამასაც გავუძელით! ამ პროცესში, ისე, როგორც 2011 წლიდან მოყოლებული, ქართული საზოგადოების, ჩვენი ბრძენი ხალხის გვერდში დგომა მაძლევდა და გვაძლევდა ბრძოლის შემართებას, გვიმყარებდა რწმენას, რომ ყველა სირთულის გადალახვა შეგვეძლო.
და მართლაც, სწორედ მუდმივმა სიფხიზლემ, სიმართლის მხარეს დგომამ და სუვერენიტეტის გამყარებაზე გამუდმებულმა ზრუნვამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ყველა მოღალატე ვამხილეთ, შიდა მტრებს ვაიძულეთ, ეღიარებინათ, რომ მათ ქმედებას არა ეროვნული, არამედ, გარე ინტერესი უდევს საფუძვლად. მეგობრისა და პარტნიორის ნიღაბს ამოფარებულ კონკრეტულ უცხო ძალებს ღიად მოუწიათ ეღიარებინათ, რომ ჩვენგან მათი ინტერესების მორჩილებას მოითხოვენ.
და მაინც, გასული 13 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ გუნდმა ისწავლა მოვლენებისა და ფაქტების სწორად შეფასების უნარი. ამასთანავე, უდიდესი მონაპოვარია ისიც, რომ საზოგადოება ჩვენთან ერთად გაიზარდა და თავადაც შესანიშნავად ახერხებს სწორი ანალიზის გაკეთებას, რათა ყველაფერს ერქვას თავისი სახელი”, – წერს ივანიშვილი.
ივანიშვილი წერილში 4 ოქტომბერზე აკეთებს აქცენტს – ამ დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს მართავს “ოცნება”, რომელსაც ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი ბოიკოტს უცხადებს, მოქალაქეები კი საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან:
“… კიდევ ერთი გამოცდა გველოდება 4 ოქტომბერს. მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ნიღაბჩამოხსნილი შიდა და გარე მტრები არეულობის, სახელმწიფო გადატრიალებისა და საკუთარი მიზნების განხორციელების კიდევ ერთ შესაძლებლობას ხედავენ.
ამ ფონზე, 4 ოქტომბერს გვაქვს შანსი ყველას კიდევ ერთხელ დავანახოთ, რომ ჩვენი ბრძოლა დღეს საარჩევნო უბნებზე მისვლასა და თავისუფალი არჩევანის გაკეთებაზეა”.
ბიძინა ივანიშვილი არ გამოჩენილა მოქალაქეებთან თვითმმართველობის არჩევნების კამპანიის დროს, თუმცა წინა, 2024 წელს გამართული საპარლამენტო არჩევნებისას, რომლის შედეგების ლეგიტიმურობა არც ერთ დასავლელ პარტნიორს არ უღიარებია, ის მოქალაქეებს მიმართავდა ტყვიაგაუმტარი მინის კოლოფიდან.
