13 მაისიდან ილიას და ALTE-ს უნივერსიტეტის სტუდენტები აუდიტორიების ნაცვლად აქციაზე იქნებიან

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 13 მაისიდან უარს ამბობენ სასწავლო პროცესში მონაწილეობაზე და სრულად ერთვებიან საპროტესტო გამოსვლებში. ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება დღეს გააკეთა ილიას უნივერსიტეტთან სტუდენტების ერთმა ჯგუფმა.
“იმ საქართველოში, სადაც გაძლიერებულია რუსული გავლენები, ფასს კარგავს ყველაფერი, მათ შორის განათლებაც. ახლა გაჩუმება ნიშნავს სახელმწიფოს ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში თანამონაწილეობას. შესაბამისად, ორშაბათიდან ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას და ვაცხადებთ გაფიცვას. არ მივიღებთ არც ერთ სასწავლო პროცესში მონაწილეობას და აქტიურად ჩავერთვებით საპროტესტო მოძრაობაში” – ნათქვამია სტუდენტების განცხადებაში. ისინი მადლობას უხდიან იმ ლექტორებს, რომლებმაც წინა დღით გააკეთეს განცხადება, რომ თუკი სტუდენტები გადაწყვეტენ სასწავლო პროცესს, ისინი მათ შეუერთდებოდნენ. ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები ასევე მოუწოდებენ ხელისუფლებას, უარი თქვას “აგენტების კანონის” მიღებაზე და გაითვალისწინოს ხალხის ნება.
გაფიცვის შესახებ განცხადება გაავრცელა ALTE-ს უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამაც.
“ქართული უნივერსიტეტების თვითმმართველობებზე არსებობს სტიგმა, რომ ისინი ყველა დროში სახელისუფლებლო ვერტიკალის გაგრძელებაა და მმართველი ძალის ახალგაზრდული გუნდის მიერ იმართებიან. თვითმმართველობა ნიშნავს თვით მართვას და არა – სხვათაგან მართვას. ჩვენ გვმართავს და გვამოძრავებს ერთადერთი რამ, ჩვენი ქვეყნის უანგარო სიყვარული და სწრაფვა ევროპული მომავლისაკენ.
უკანასკლელ დღეებში, და არა მარტო, განვითარებულმა მოვლენებმა ნათელყო, რომ სწორედ ჩვენი ქვეყნის მთავარ, მრავალსაუკუნოვან, ეროვნულ მისწრაფებას, – ვიყოთ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი ნაწილი, საფრთხე შეექმნა. ალტეს თვითმმართველობა ყოველთვის იდგება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე, შესაბამისად ვუერთდებით ქართველი ხალხის პროტესტს და გაფიცვის უფლების ფარგლებში ორშაბათიდან აღარ გამოვცხადდებით აუდიტორიებში” – წერია თვითმმართველობის განცხადებაში.
13 მაისიდან გაფიცვას აპირებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ს უნივერსიტეტის სტუდენტებიც. ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს შორისაც.
საქართველოს პარლამენტში “აგენტების კანონის” განხილვა 13 მაისს განახლდება – ორშაბათს დაგეგმილია საკომიტეტო მოსნება, სამშაბათს, ანუ 14 მაისს სადავო კანონპროექტი პლენარულ სესიაზე განიხილება და შესაძლოა, ამავე დღეს გაიმართოს მესამე მოსმენით კენჭისყრაც.
12 მაისს, ამ კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეები საღამოს 10 საათიდან აპირებენ პარლამენტის შენობასთან შეკრებას და ღამის გათენებას.
ფორუმი