საქსტატის თანახმად, 2024 წელს საქართველოს ენერგეტიკაში 126 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო, რაც თითქმის სამჯერ მეტი იყო, ვიდრე 2023 წელს, მაგრამ ნაკლები 2021 და 2022 წლებთან შედარებით.
BMG-მ საქსტატიდან გამოითხოვა იმ TOP-5 ქვეყნის შესახებ მონაცემები, საიდანაც შარშან საქართველოს ენერგეტიკაში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო.
ხუთეულის თავშია ჩეხეთი 46 მილიონი დოლარით, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მეოთხე კვარტალში ჩეხეთიდან უცხოური ინვესტიციების გადინებას ჰქონდა ადგილი -32 მილიონი დოლარის ოდენობით, რაც შესაძლოა, უკავშირდებოდეს ინვესტორების მიერ დივიდენდების გატანას ქვეყნიდან.
TOP-5 ინვესტორი ქვეყნების სიაში ჩეხეთის შემდეგ მოდის მარშალის კუნძულები, ნიდერლანდები, გერმანია, ლუქსემბურგი.
რაც შეეხება TOP-ინვესტორ კომპანიებს ენერგეტიკაში, საქსტატის თანახმად, 2024 წელს საქართველოში ინვესტიციები განახორციელეს შემდეგმა კომპანიებმა: სს თელასი, შპს საქართველო-ურბან ენერჯი, შპს თბილისი ენერჯი, სს ენერგო – პრო ჯორჯია, სს საქორგგაზი, სს დარიალი ენერჯი, სს ნენსკრა ჰიდრო, სს ეპ ჯორჯია გენერაცია, სს ეპ ჯორჯია მიწოდება, შპს ვოლტარეს პაუერ პროჯექტს.
გამომდინარე იქიდან, რომ უკვე წლებია, „ნენსკრაჰესის“ პროექტის განხორციელება შეჩერებულია, BMG-ისთვის უცნობია, რატომ მოხვდა სს ნენსკრა ჰიდრო TOP-ინვესტორების ათეულში. პროექტთან დაკავშირებულ სიახლეებზე ჩვენ ეკონომიკის სამინისტროს მივმართავთ და პასუხებს მიღებისთანავე გაგაცნობთ.
