ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მონაცემთა გამოყენებით, კემბრიჯის უნივერსიტეტის ასტრონომებმა ეგზოპლანეტა K2-18b-ის ატმოსფეროში დიმეთილსუფლიდის (DMS) და დიმეთილდისულფიდის (DMDS) კვალი დააფიქსირეს; ეგზოპლანეტა თავის ვარსკვლავის გარშემო სასიცოცხლო ზონაში მოძრაობს.
დედამიწაზე დიმეთილსუფლიდსა და დიმეთილდისულფიდს მხოლოდ სიცოცხლე წარმოქმნის, ძირითადად მიკრობული სიცოცხლე, მაგალითად, ზღვის ფიტოპლანქტონი. მიუხედავად იმისა, რომ K2-18b-ის ატმოსფეროში ამ მოლეკულების წყარო შეიძლება ჩვენთვის უცნობი ქიმიური პროცესი იყოს, კვლევის შედეგები წარმოადგენს ამ დროისათვის ყველაზე ძლიერ მტკიცებულებას იმისა, რომ სიცოცხლე შეიძლება მზის სისტემის მიღმა, სხვა პლანეტაზეც არსებობდეს.
დაკვირვებების სტატისტიკური მნიშვნელობა „სამი სიგმას“ დონე იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობს მათი შემთხვევითობის 0,3-პროცენტიანი ალბათობა. სამეცნიერო აღმოჩენის შეთანხმებულ კლასიფიკაციამდე მისაღწევად, დაკვირვებებმა ხუთ-სიგმიანი ზღვარი უნდა გადაკვეთოს, რის შემდეგაც, შემთხვევითობის ალბათობა 0,00006 პროცენტს ქვემოთაა.
მკვლევართა განცხადებით, ჯეიმს ვებით კიდევ 16-24-საათიანი დაკვირვებით შეიძლება მიაღწიონ ხუთ-სიგმნიან მნიშვნელობას.
წინა დაკვირვებებით დადგინდა, რომ პლანეტა K2-18b დედამიწაზე 8,6-ჯერ მასიური და 2,6-ჯერ დიდია. მდებარეობს ჩვენგან 124 სინათლის წლის მანძილზე, ლომის თანავარსკვლავედის მიმართულებით. მაშინ მის ატმოსფეროში მეთანი და ნახშირორჟანგიც დააფიქსირეს. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ნახშირბადზე დაფუძნებული მოლეკულები სასიცოცხლო ზონაში მოძრავი ეგზოპლანეტის ატმოსფეროში იპოვეს. შედეგები „ჰიკეანე“ პლანეტის პროგნოზებთან შესაბამისი იყო — სიცოცხლისათვის ხელსაყრელი, მთლიანად ოკეანეით დაფარული პლანეტის, რომელიც წყალბადით მდიდარ ატმოსფეროშია გახვეული.
თუმცა, კიდევ ერთი სუსტი სიგნალი მიუთითებდა, რომ K2-18b-ზე რაღაც ხდებოდა.
„დაზუსტებით არ ვიცით, იყო თუ არა ჩვენ მიერ ბოლოს ნანახი სიგნალი დიმეთილსუფლიდის, მაგრამ ამაზე უბრალოდ მინიშნებაც კი ჩვენთვის საკმარისად ამაღელვებელი იყო, რომ დაკვირვებები ჯეიმს ვების სხვა ინსტრუმენტითაც ჩაგვეტარებინა“, — ამბობს კვლევის ავტორი, კემბრიჯის ასტრონომიის ინსტიტუტის პროფესორი ნიკუ მადჰუსუდანი.
შორეულ პლანეტათა ატმოსფეროს ქიმიური შემადგენლობის განსასაზღვრად, ასტრონომები სწავლობენ დედავარსკვლავის სინათლეს იმ მომენტში, როცა პლანეტა ტრანზიტს ახორციელებს, ანუ ჩაივლის ჩვენი გადმოსახედიდან ვარსკვლავის წინ. K2-18b-ის ტრანზიტისას, ჯეიმს ვებს შეუძლია დააფიქსიროს ოდნავი ჩაბნელება ვარსკვლავის სინათლეში და სინათლის ის უმცირესი ნაწილიც, რომელიც პლანეტის ატმოსფეროში გაივლის. გავლილი სინათლის გარკვეულ ნაწილს პლანეტის ატმოსფერო შთანთქავს, რაც ვარსკვლავის სპექტრში ტოვებს ნიშნებს, რომელთა საფუძველზეც, ასტრონომებს შეუძლიათ დაადგინონ ეგზოპლანეტის შემადგენელი აირები.
წინა დაკვირვებისას, დიმეთილსუფლიდი ჯეიმს ვების ინსტრუმენტმა NIRISS-მა და NIRSpec-მა დააფიქსირა, რომლებიც ერთობლივად ტალღის სიგრძის ახლო-ინფრაწითელ (0,8-5 მიკრონი) დიაპაზონს ფარავენ. ახალი, დამოუკიდებელი დაკვირვება ჯეიმს ვების MIRI ინსტრუმენტით ჩაატარეს შუა-ინფრაწითელ (6-12 მიკრონი) დიაპაზონში.
„ეს გახლავთ მტკიცებულებათა დამოუკიდებელი ხაზი, რომელიც წინასგან განსხვავებული ინსტრუმენტითა და სინათლის ტალღის სხვა სიგრძეში მივიღეთ, სადაც არ არსებობს გადაფარვა წინა დაკვირვებებისგან. სიგნალი ძლიერი და მკაფიოა“, — აღნიშნავს მადჰუსუდანი.
„საოცარი იყო, როდესაც შედეგები უცვლელი დარჩა ვრცელ, დამოუკიდებელ ანალიზებსა და მკაცრ ტესტებში“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, კოსმოსური ტელესკოპის მეცნიერებათა ინსტიტუტის მკვლევარი მანს ჰოლმბერგი.
დიმეთილსუფლიდი (DMS) და დიმეთილდისულფიდი (DMDS) ერთი ქიმიური ოჯახის მოლეკულებია და ორივე მათგანი ბიოხელწერას წარმოადგენს. ორივე მოლეკულა ტალღის სიგრძის დაკვირვებულ დიაპაზონში ფარავდა სპექტრულ მახასიათებლებს, მაგრამ შემდეგი დაკვირვებები წარმოაჩენს სხვაობებს მათ შორის.
თუმცა, K2-18b-ის ატმოსფეროში დიმეთილსუფლიდისა და დიმეთილდისულფიდის კონცენტრაცია დედამიწისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება; ჩვენს პლანეტაზე ეს მაჩვენებელი მოცულობით ყოველ მილიარდზე ერთი ნაწილი ან უფრო დაბალია. K2-18b-ზე მათი მაჩვენებელი ათასობით უფრო მაღალია — ათი ნაწილი ყოველ მილიონზე.
