120 კონკურსანტიდან 9 საუკეთესოში! “შენ იშვიათი ქართველი ხარ! ძალიან ლამაზად წარმოაჩენ შენს ქვეყანას” – როგორ აფასებენ ნინი ბრეგვაძეს მსოფლიოში და როგორი იყო მისი განვლილი გზა ამერიკულ წარმატებამდე – Marao

120 კონკურსანტიდან 9 საუკეთესოში! “შენ იშვიათი ქართველი ხარ! ძალიან ლამაზად წარმოაჩენ შენს ქვეყანას” – როგორ აფასებენ ს მსოფლიოში და როგორი იყო მისი განვლილი გზა ამერიკულ წარმატებამდე – Marao
ამერიკული Voice-ის ქართველო მონაწილე, ნინი ბრეგვაძე, სასცენო სახელით Nini Iris, ნახევარფინალში გადავიდა. “ამერიკული ოცნება რეალურია და მე ამ ოცნებით ვცხოვრობ! მადლობა გულშემატკივრობისთვის და განსაკუთრებული მადლობა ჩემს საუკეთესო მენტორს, ნაილ ჰორანს,მას რომ ჩემი არ სჯეროდეს, მე დღეს აქ არ ვიქნებოდი. ისეთი ბედნიერი ვარ, რომ სიტყვებით ვერ გადმოვცემ! ყველა ძალიან მიყვარხართ, შევხვდებით მომავალ კვირას!” – დაწერა ნინიმ
ნინიმ ამ ტურში The Cure-ის 1989 წლის ჰიტი Love song შეასრულა და, შეიძლება ითქვას, მსოფლიო აღაფრთოვანა. მსოფლიოს ყველაზე პოპულარული მუსიკალური გამოცემა „ბილბორდი“ ნინი ბრეგვაძის The Voice-ში გამოსვლას ფენომენალურს უწოდებს: „ძნელია აჯობო რობერტ სმიტს, მაგრამ ნინიმ ეს შეძლო. ნაილ ჰორანის გუნდის წევრმა, გააკეთა ყველაფერი, რათა ლეგენდარული The Cure-ის 1989 წლის ჰიტი Love song ყველა ვიბრაციით შეგვეგრძნო“,- წერს გამოცემა. აღნიშნულია ისიც, რომ 27 წლის თბილისელი ნინი ქართული The Voice-ის მონაწილეც იყო და 2016 წლიდან საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა. “ბილბორდი” ხაზს უსვამს ნინის შესრულების მანერას, მის ინდივიდუალიზმს და ნაილ ჰორანის ემოციებს, რომელიც შთამბეჭდავ გამოსვლას თვალდახუჭული უსმენდა.
ნინი ბრეგვაძე რომ The Voice-ის საუკეთესო 9 მონაწილეს შორისაა, ეს ამბავი ძალიან მალე გავრცელდა სოციალურ ქსელში და ნინიმ უამრავი მილოცვა მიიღო. სწერენ, რომ მისით ამაყობენ და გამარჯვებას უსურვებენ. “შენ იშვიათი ქართველი ხარ! ძალიან ლამაზად წარმოაჩენ შენს ქვეყანას და ამერიკას”, “საოცნებო ადამიანი ხარ და ამას ყველა ხედავს”, “შენი შრომა და ნიჭი შეუფასებელია”, “ეს ფენომენალური შესრულება იყო” – ვკითხულობთ კომენტარებში.
ნინი საერთაშორისო მუსიკალური პროექტის ქართული ვერსიის – “ახალი ხმის” აღმოჩენაა. მომღერალმა The Voice of Georgia-ში მონაწილეობა ჯერ კიდევ 2012 წელს მიიღო. რამდენიმე წლის შემდეგ კი ქართულ “X ფაქტორშიც” გამოჩნდა. ბოლო რამდენიმე წელია, ნინი ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს.
“საქართველოში კარგი სტარტი მქონდა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ უფრო მეტი შემეძლო. ჩვენს ქვეყანაში განვითარების საშუალება არ მექნებოდა… რომ მცოდნოდა, როგორი რთული იქნებოდა, შესაძლოა, არც წავსულიყავი.
ჩასვლისას, ადამიანი, რომელიც უნდა დამხვედროდა, ვერ დამხვდა და ქუჩაში დავრჩი. არც პირველი და არც უკანასკნელი ქართველი ვარ, რომელსაც ასე დაემართა. კვირაზე მეტი გავატარე ნიუ-იორკის მეტროში, შემდეგ კი გადავწყვიტე, ჩემი სიამაყე გვერდზე გადამედო და დამერეკა ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც ვიცნობდი.
ჩემი მეგობარი საბა დამეხმარა, მასთან გადავედი საცხოვრებლად ბრუკლინში, სააგენტოების დახმარებით ვიპოვე ჩემი პირველი სამსახური… ბურიტოებს ვაკეთებდი. საშინლად მეზიზღებოდა ეს საქმე… მალევე ვიპოვე სამსახური, სადაც სიმღერას შევძლებდი. შაბათ-კვირას ვმღეროდი, კვირის დღეებში კი მიმტანად ვმუშაობდი წლების განმავლობაში. დროთა განმავლობაში დავიწყე რესტორნებსა და ქორწილებში სიმღერა.
ყველაზე რთული ჩემთვის არის ყოველდღიური ცხოვრება, ჩემი ოჯახის გარეშე გატარებული და არა რამდენიმე კვირა მეტროში ცხოვრება. 6-ჯერ ვცადე რეალურად ამ პროექტში [The Voice] გასვლა… ძალიან რთულია ასეთ პროექტებში მოხვედრა.
როგორც იქნა, შრომა დამიფასდა და მეც გამიმართლა. 120 ადამიანი შეგვარჩიეს. აქედან 100 დარჩა, რომლებმაც ფსიქოლოგიური ტესტი გავიარეთ.
თითო გუნდში 14 ადამიანი რჩება. ჯამში 56 ადამიანი გადავიდა შემდეგ ტურში. იმდენად დიდი სურვილი მქონდა ოთხივე მწვრთნელის შემოტრიალების, რომ სამყარომ მისმინა.
მე გვენთან ვაპირებდი წასვლას, მეორე ვერსიად ნაილს ვფიქრობდი, თუმცა ნაილმა ისე გაიგიჟა თავი, როგორ გავუძლო მის ლამაზ თვალებს-მეთქი და ნაილი ავირჩიე. ეს ხუმრობით. ვცდილობ, გული რასაც მიკარნახებს, ისე მოვიქცე. დავინახე, რომ ნაილს ყველაზე მეტად უნდოდა ჩემთან მუშაობა და ამიტომ ავირჩიე ის. შემდეგი ეტაპი არის „რინგები“, სადაც შევებრძოლები ჩემივე გუნდიდან ერთ-ერთ წევრს. ამას ძალიან მალე გაიგებთ, მომავალი კვირის სამშაბათიდან”, – ამბობდა ნინი ბრეგვაძე.