12 ივლისიდან „ევოლუშენ ჯორჯიაში“ დასაქმებულთა ნაწილი გაიფიცება

ონლაინ კაზინოს კომპანია „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლების ნაწილი 12 ივლისს, 12 საათიდან სრულმასშტაბიანი, უვადო გაფიცვის რეჟიმში გადავა.
ამის შესახებ ახალგაზრდებმა 5 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
როგორც „ევოლუშენ ჯორჯიაში“ დასაქმებული ახალგაზრდები ამბობენ, გაფიცვა იქამდე გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, არ გაუმჯობესდება სამუშაო პირობები და არ ექნებათ შესაბამისი ანაზღაურება.
გაფიცვის შესახებ გადაწყვეტილებას მიღებას და გახმიანებას წინ უძღოდა მედიაციის პროცესი, რაშიც „ევოლუშენ ჯორჯიაში“ დასაქმებულ ახალგაზრდებს დახმარებას უწევდა „ლაბორი“, აგრომეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირი. მედიაციის პროცესი შეთანხმების მიღწევის გარეშე წარუმატებლად დასრულდა. როგორც „ლაბორის“ წარმომადგენლები წერენ, კომპანიამ უარი თქვა თითოეული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
ხმაური მოჰყვა კომპანიის მენეჯერებს შორის მიმოწერის ამსახველი ფოტოანაბეჭდების გავრცელებას, სადაც მენეჯერები დამამცირებლად განიხილავენ მათ დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს. მიმოწერა ანონიმურად მიაწოდა „მაუწყებელს“ კომპანიაში დასაქმებულმა.
„ელემენტარული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად არ უნდა გვიწევდეს თვეში 22 ღამის გათევა. არ არის ადვილი, მაგრამ არაფერი გაკეთებულა დუმილით. უნდა დავდგეთ ერთად და ვთქვათ, რომ საკმარისია. ჩვენ, თითოეული ვიმსახურებთ ადამიანურ პირობებს. ვიმსახურებთ იმას, რომ ჩვენი ჯანმრთელობა იყოს დაცული. ვცხოვრობდეთ და არა ვარსებობდეთ“, — ამბობს „ევოლუშენ ჯორჯიაში“ დასაქმებული ერთ-ერთი ახალგაზრდა.
მენეჯერებს შორის მიმოწერის გასაჯაროებას მოჰყვა „ევოლუშენ ჯორჯიას“ განცხადება, სადაც კომპანია ამბობს, რომ შესაბამის ზომებს მიიღებს პრობლემების გამოსაკვლევად, თუმცა არაფერს ამბობს თანამშრომელთა მოთხოვნებზე.
„გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც რამდენიმე თანამშრომლის მიმოწერას ეხება, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. დაწყებულია შესაბამისი ქმედებები, რათა გამოკვლეულ იქნას პრობლემის სათავე და მივიღოთ უმკაცრესი ზომები. არ დავიშურებთ ძალისხმევას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველა თანამშრომელი იცავს და პატივს სცემს ჩვენს საერთო ღირებულებებს“, — ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
მიმოწერის ამსახველ ფოტოებში, რომელიც „მაუწყებელმა“ გაავრცელა, ჩანს, როგორ მოიხსენიებენ თანამშრომლებს შეურაცხმყოფელად.
კომპანიის ამ განცხადებასაც რეაგირება მოჰყვა დასაქმებულებისგან, რომლებიც ამბობენ, რომ მსგავსი პრობლემების შესახებ ინფორმაცია კომპანიის შესაბამის მმართველ რგოლებს აქამდეც სისტემატურად მიეწოდებოდათ.
„დავა „ევოლუშენ ჯორჯიას“ დასაქმებულებსა და ადმინისტრაციას შორის რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, მიზეზი თანამშრომელთა უფლებების, მათ შორის შრომითი და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის უამრავი ფაქტია, აგრეთვე, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი მოპყრობის შემთხვევები და ის განუკითხაობაა, რაც “ევოლუშენ ჯორჯიაში” ყოველდღიურ მოვლენად იქცა“, — ამბობენ პროფკავშირ „ლაბორში“.
„ლაბორმა“ წერილით მიმართა საქართველოში შვედეთის ელჩსაც.
„დაუშვებელია 21-ე საუკუნეში ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ოპერირებადი ბიზნესი ან მასთან დაკავშირებული კომპანია პატივს არ სცემდეს და არღვევდეს დასაქმებულთა უფლებებს, ეწეოდეს დისკრიმინაციას ან წაუყრუებდეს მას“, — ნათქვამია პროფკავშირის მიერ ელჩისთვის გაგზავნილ წერილში.
„ევოლუშენის“ სათავო ოფისი შვედეთში, სტოკჰოლმში მდებარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკო მანაგაძე: ადრე თუ გვიან ყველაფერი სრულდება. რამდენი ტიტუშკა არბენინა, რამდენი ფიტული აგორავა აუდიტორიების შესავსებად, რამდენი სტუდენტი აცემინა, მაგრამ მაინც ასე დაამთავრა – წავიდა