თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა აქტივისტ თათია აფრიამაშვილს, რომელსაც შსს “ქართული ოცნების” დეპუტატ მარიამ ლაშხისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდა.
ლაშხმა 17 მაისს მომხდარი ინციდენტის გამო ჯამში სამ სტუდენტს უჩივლა – ამ დღეს ისინი ერთ-ერთ კაფეში, სადაც ლაშხი თანმხლებ პირებთან, მათ შორის მცირეწლოვან შვილებთან ერთად იყოფებოდა, მასთან მივიდნენ შეძახილებით: “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არა რუსულ რეჟიმს, ძირს რუსეთის მონები, არა რუსეთის მონებს…”
შსს სამიდან ორის შემთხვევაში 45 დღიან პატიმრობას ითხოვდა, ერთ შემთხვევაში კი – ჯარიმას.
სასამართლომ თათია აფრიამაშვილის მსგავსად 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა ლიკა ლორთქიფანიძესაც. მაგდა მამუკაშვილი კი 4 000 ლარით დააჯარიმეს.
მარიამ ლაშხი ერთადერთი პოლიტიკოსი არ არის, რომელმაც აქტივისტების გამოხატვის თავისუფლების რეალიზაცია თავდასხმად და შეურაცხყოფად მიიჩნია და აქტივისტების წინააღმდეგ იჩივლა – ანალოგიურად მოიქცა ირაკლი ზარქუაც, რომლის სარჩელის გამოც ზუგდიდის სასამართლომ ორ აქტივისტ ქალს 3 500 და 4 000 ლარის ოდენობის ჯარიმები დააკისრა 23 მაისს.
დეპუტატების სარჩელების საფუძველია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში თებერვალში შესული ცვლილება, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფა დასჯადი გახდა – სასჯელი პოლიტიკოსის შეურაცხყოფისთვის შეიძლება იყოს ჯარიმა 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 45 დღემდე ვადით.
ამ ჩანაწერს სახელმწიფო იყენებს როგორც პოლიტიკოსების, ისე პოლიციელების დასაცავად კრიტიკული მოქალაქეებისგან. დღესვე თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ მუხლით 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა თორნიკე სხვიტარიძეს და 5 000-ლარიანი ჯარიმა ანი ქავთარაძეს – მათ შსს პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებოდა.
