12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, ხასაიამ დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა

“თვითონაც როცა გახსნეს დაამტკიცეს, რომ ჩანთაში არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ მქონდა, მაგრამ ჩემი მოტივი იყო ის, რომ მათ უკანონო მოწოდებებზე არ დავმორჩილებოდი, იმიტომ, რომ თუ მათ მივცემთ უფლებას ყველა უკანონო ბრძანება შეასრულონ, მაშინ ბრძოლის აზრს ვერ ვხედავ. ბრძოლის აზრს ვხედავ წინააღმდეგობაში, არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ მიღებული კანონების არ დამორჩილებაში.

ეს იყო ჩემი ერთადერთი მოტივი, თორემ ჩანთაში რამე რომ მქონოდა, ახლა არ გამოვიდოდი და საერთოდ სხვა ლოკაციაზე ვიქნებოდი. ეს, რა თქმა უნდა, არ გამაჩერებს, უბრალოდ, ამ დღეებმა შემძინა უფრო მეტი ემოციური კავშირი პატიმრებთან, რომელიც ტყვეობაში იმყოფებიან და კიდევ უფრო მძაფრად აღვიქვი რა ემოციურ ფონს განიცდიან ისინი. გაჩერება კი არა, იმაზე მეტი უნდა ვაკეთოთ, რასაც აქამდე ვაკეთებდით”, – თქვა ხასაიამ იზოლატორის დატოვების შემდეგ.
31 მარტს, ხასაია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან წაიყვანეს. მანამდე პოლიცია მისი ჩანთის ჩხრეკას მოითხოვდა და ამბობდა, რომ ეს იყო „გარეგანი დათვალიერება“.