12-წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველო Miss Grand International-ში მონაწილეობს; სილამაზის კონკურსზე ჩვენს ქვეყანას მოდელი თეონა კბილაშვილი წარადგენს.
Miss Grand Georgia 2025, თეონა კბილაშვილი “კომერსანტთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ღონისძიებისთვის აქტიური მზადება უკვე დაიწყო; თითქმის 1 თვეა, სხვა მონაწილეების მსგავსად მხოლოდ რამდენიმე საათით სძინავს და მოუთმენლად ელოდება დღეს, როცა სამშობლოს მსოფლიოს სილამაზის დიდ სცენაზე წარადგენს.
,,მსოფლიოში არის ორი ძირითადი და მასშტაბური კონკურსია. ეს არის Miss Universe და Miss Grand International. ამ ორ დიდ კონკურსში მონაწილეობა არის უდიდესი შრომის შედეგი. დღეს რომ საქართველოს სახელს წარვადგენ ასეთ დიდ სცენაზე, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია.
ძალიან რთულია ამ კონკურსში მონაწილეობა როგორც ფიზიკურად, ისე – მენტალურად. მონაწილეებს დღის განმავლობაში 2-3 საათი გვძინავს და ასე გრძელდება უკვე თითქმის 1 თვეა. თუმცა, ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყნის ჩართულობაზე. ორგანიზატორებს სურთ, ნახონ, რამდენად მასშტაბურად არის ხალხი ჩართული. თავიდან რომ დავიწყეთ, ხალხის აქტიურობით 77 ქვეყნიდან 72-ე ადგილზე იყო. ახლა 37-ე ადგილზე ვართ”,- ამბობს თეონა კბილაშვილი რადიო “კომერსანტის” ეთერში.
Miss Grand Georgia 2025 ქართველ გულშემატკივარს სოციალურ ქსელში აქტიურობისკენ მოუწოდებს, მისი თქმით,
კომენტარებსა და Live აქტიურობას კონკურსზე დიდი ყურადღება ექცევა.
ფინალური კონკურსი 9 ოქტომბერს ჩატარდება და Miss Grand Georgia 2025-ის 20-ეულში მოხვედრა მთლიანად ქართველ ხალხზეა დამოკიდებული.
,,ძალიან მნიშვნელოვანია კომენტარები სოციალურ ქსელებში: „ფეისბუკზე“, „ინსტაგრამზე“. „იუთუბის“ არხზე Grand TV ყოველდღიურად გვაქვს პირდაპირი ჩართვები და აქტიურობა იქაც საჭიროა.
პირველი ოფიციალური კონკურსი 9 ოქტომბერს ჩატარდება და „ფეისბუკისა“ და „იუთუბის“ არხებზე პირდაპირი ეთერით გაშუქდება. მე-2 და მე-3 ეტაპები 13 და 15 ოქტომბერს გაიმართება, გამარჯვებული კი 18 ოქტომბერს გამოვლინდება.
ფინალურ 20-ეულში კონკურსანტის მოხვედრა მთლიანად ხალხზეა დამოკიდებული. ამიტომ, გთხოვთ, 9, 13 და 15 ოქტომბერს სოციალურ ქსელებში მაქსიმალურად იაქტიუროთ”,- ამბობს Miss Grand Georgia 2025, თეონა კბილაშვილი “კომერსანტის” ეთერში.
