11 თვეში საქართველოდან ექსპორტირებული სპილენძის ღირებულება წლიურად 49.4%-ით, ფეროშენადნობების კი 67.4%-ით შემცირდა

2023 წლის დეკემბრის მონაცემებით, ნავთობით, ბუნებრივი აირით, ამონიუმის ნიტრატით, ხორბლით, სპილენძით, ფეროსილიკონით და ოქროთი საქართველოს საგარეო ვაჭრობის დინამიკა და ექსპორტ-იმპორტის წლიური ცვლილების შესახებ მიმოხილვა Galt&Taggart-მა გამოაქვეყნა.
იანვარ-დეკემბერში საქართველოში სპილენძის იმპორტი 231 მლნ დოლარამდე, ექსპორტი კი 472 მლნ დოლარამდე შემცირდა. სპილენძით საგარეო ვაჭრობის უდიდესი ნაწილი რეექსპორტია. ექსპორტირებული სპილენძის ღირებულება წლიურად 49.4%-ით შემცირდა 2023 წლის 11 თვეში $472 მილიონამდე.
2023 წლის დეკემბერში სპილენძის ფასი თვიურად 0.9%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურად 1.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ჩინეთში წარმოების მოსალოდნელზე სწრაფად გამოცოცხლებამ დეკემბერში მოთხოვნა მცირედით გაზარდა. დამატებით, სპილენძი და ლითიუმი განახლებადი ენერგიის (ელექტრო მანქანების, ელექტრო ქსელებისა და ქარის ტურბინების წარმოებაში) ძირითად წყაროდ რჩებიან, რაც ფასებზე დადებითად მოქმედებს. მეორეს მხრივ, პანამაში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამო First Quantum Minerals-ის მიერ წარმოების შემცირება ბაზარზე დეფიციტს გამოიწვევს 2024 წელს. Goldman Sachs-ის მიხედვით, წლის განმავლობაში ერთი ტონა სპილენძის ფასი $10,000-ს მიაღწევს.
2023 წლის 11 თვეში ფეროშენადნობების ექსპორტი საქართველოდან წლიურად 67.4%-ით, 148 მილიონ დოლარამდე შემცირდა. ფეროშენადნობების ექსპორტის ღირებულება წლიურად 67.4%-ით შემცირდა 2023 წლის 11 თვეში, რაც ფასების მკვეთრი კლებით აიხსნება, რამაც მწარმოებლებს უბიძგა შეემცირებინათ ექსპორტის მოცულობაც.
2023 წლის დეკემბერში ევროპული ფეროსილიკონის ფასი თვიურად 3.2%-ით გაიზარდა, ჩინურის კი უცვლელი დარჩა – ერთი ტონა $1,335. ევროპაში მცირე მატების მიუხედავად, წლის განმავლობაში ფასების აღდგენა თითქმის არ მომხდარა. წლის ჭრილში ევროპული ნედლეულის ფასი 30.2%-ით შემცირდა, ჩინურის კი – 18.8%-ით. შემცირებული საერთაშორისო ფასები ქართული ფეროშენადნობების ექსპორტშიც წლიური 67.4%-იანი კლებით აისახა.