1-ელი იანვრიდან სადისტრიბუციო ავტომობილებს თბილისში, პიკის საათებში გადაადგილება შეეზღუდებათ. შეზღუდვა 8 საათიდან 11 საათამდე და 17:00 საათიდან 20:00 საათამდე იმოქმედებს – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაში ამბობენ, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თბილისის მერია ღამის დისტრიბუციაზე გადაწყობისთვის ამზადებდა ბიზნესს, პროცესებს მაშინ თბილისის ტრანსპოსრტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი უძღვებოდა, თუმცა წილოსანის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ დედაქალაქის მთავრობამ ეს ინიციატივაც გააუქმა და ბიზნესს ახალი სქემა დაუდო.
გამოწვევებზე საუბრობენ რითეილერებიც, რომლებიც ადასტურებენ რომ მერიაში ღამის საათებში დისტრიბუციის საკითხი განიხილებოდა, თუმცა მათი შეფასებით, სექტორისთვის ესეც კიდევ უფრო მეტ პრობლემას აჩენდა. მსხვილი სუპერმარკეტების გაერთიანების აღმასრულებელი დირექტორი თვლის, რომ შეზღუდვები, რომლის ამოქმედებასაც მერია აპირებს შესაცვლელია, რადგან აუცილებელია როგორც რითეილ სექტორში ისე დისტრიბუციის მიმართულებით დასაქმებულ ადამიანებს 8 საათიანი უწყვეტი სამუშაო ციკლი ჰქონდეთ, მაგალითად დილის 10-დან 6 საათამდე მაინც. ასოციაციაში ამბობენ, რომ საკითხზე მერიასთან კონსულტაციები გაგრძელდება.
“ძალიან მნიშვნელოვანია უწყვეტი 8-საათიანი რეჟიმი, როგორც დისტრიბუტორებისთვის და მომწოდებლებისთვის ისე რითეილის კუთხით თანამშრომლებისთვის. წარმოუდგენელია იმ პერიოდში, როცა არის დასაშვები მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება, ეს არის დილის 11 საათიდან საღამოს 5 საათამდე, შევძლოთ კადრის დაქირავება. ვერც თანამშრომელს ვიშოვით, იმიტომ რომ ანაზღაურებაც შესაბამისი იქნება. არ არსებობს პრეცედენტი, რომ მხოლოდ 4-5 საათი შეეძლოს ადამიანს მუშაობა და სხვა დანარჩენი დროის განმავლობაში აკრძალული ჰქონდეს.
ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ კონსულტაციებს მერიასთან, რომ მივიტანოთ ჩვენი გამოწვევები. აუცილებელია იყოს უწყვეტობა სამუშაო დროში და ეს იყოს მინიმუმ 8 საათი.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცენტრალური საწყობები კომპანიებს აქვთ ქალაქგარეთ, ორხევში, საგურამოში და დრო სჭირდებათ, რომ შემოვიდნენ ქალაქში, რისთვისაც თითქმის 1 საათია საჭირო. თუ გაითვალისწინებდა მერია ჩვენს გულისტკივილს, რომ დროები გაეზარდათ და შეზღუდვა მოხსნილიყო დილის 10-დან საღამო 6 საათამდე შუალედში, იქნებოდა ალბათ უფრო მარტივი, როგორ რითეილისთვის, ისე დისტრიბუციისთვის,”- ამბობს რითეილ ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი სოფო ქაშაკაშვილი.