„1000-1500 კაციანი ღონისძიებები გაუქმდა, დამაიმედებელი პროგნოზი არ არსებობს” – მიმდინარე მოვლენების გავლენა საქმიან ტურიზმზე

ტურიზმის ყველა სხვა სახეობისგან საქმიანი ტურიზმი განსაკუთრებული სენსიტიურობით გამოირჩევა, რომელზეც შიდა თუ გარე დაძაბული მოვლენები თუ დესტაბილიზაცია მყისიერად ზემოქმედებს. ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან, რომ საქმე ეხება არა ინდივიდუალურ მოგზაურებს, არამედ კორპორაციებს, რომელთათვისაც ტურების დაგეგმვის დროს თანამშრომლობის უსაფრთხოება ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. შესაბამისად, შერჩეულ მიმართულებაზე თუ მის ირგვლივ დანახული საფრთხის შემდეგ ისინი ამ ლოკაციებზე საქმიანი ვიზიტების განხორციელებას თავს არიდებენ.
ამ მოცემულობიდან გამომდინარეობს ის ფაქტიც, რომ თბილისში განვითარებული დაძაბული მოვლენები MICE ტურიზმზე უკვე საკმაოდ ნეგატიურად აისახა. როგორც საქართველოს ბიზნეს ტურიზმის ასოციაციის დამფუძნებელი, ირმა კოდუა BMGTv-ის გადაცემა “ქალების ნარატივში” განმარტავს საკმაოდ მსხვილი ჯგუფების მიერ ჯავშნების გაუქმება უკვე სახეზეა.
“საქმიანი ღონისძიებების ჩასატარებლად ახლო აღმოსავლეთიდან საკმაოდ დიდი ნაკადი მოდიოდა. თუმცა, მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ჩათვალეს, რომ მათთვის საქართველო უსაფრთხო არ არის, არავის სურს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს და შესაბამისად მინიმუმ 1000-1500 ადამიანზე გათვლილი ღონისძიებები გაუქმდა. ასევე, მიდის მოლაპარაკებები მთლიანად მაისში დაგეგმილ ღონისძიებების გაუქმებასთან დაკავშირებით. ამას, ცხადია, საკმაოდ დიდი გავლენა ექნება შემოსავლებზე, რადგან MICE ტურიზმის ინდუსტრიაში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი სეზონია. ეს გაუქმებები როგორც ინფრასტრუქტურულად, ისე ინდუსტრიულად დიდ ზარალს მოუტანს ქვეყანას”, – ამბობს ირმა კოდუა.
გადაცემა “ქალების ნარატივში” საქართველოს ბიზნეს ტურიზმის ასოციაციის დამფუძნებელი აღნიშნავს იმასაც, მიმდინარე მოვლენების გაგრძელების შემთხვევაში სექტორში დადებითი მოლოდინი არ არსებობს და მომდევნო პერიოდში დაგეგმილი კიდევ უფრო მეტი ჯავშნის გაუქმებას ელიან.
“ის პარტნიორები, რომლებსაც ჯერ არ გაუუქმებიათ ღონისძიებები აკვირდებიან მოვლენების განვითარებას და ყოველი კვირა, დღე, ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია. თუ კვირა მშვიდობიანად ჩაივლის, გაუქმებები ნაკლებია, ვითარების გამწვავების შემდეგ კი იმატებს. სამწუხაროდ, თუ ეს მდგომარეობა გაგრძელდება, დამაიმედებელი პროგნოზი არ არსებობს. ალბათ, უფრო და უფრო მეტი საქმიანი ღონისძიება გაუქმდება”, – აღნიშნავს კოდუა.
ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში საქმიანი ვიზიტით 418,800 ათასი უცხოელი იმყოფებოდა, ეს მაშინ, როდესაც, პანდემიამდე, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 831,600 ათასს შეადგენდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, საქმიანი ტურიზმი 34%-ით არის გაზრდილი.
bm.ge