იმ საჯარო სკოლებში, სადაც დირექტორები ვერ შეარჩიეს, განათლების სამინისტრო ახალ კონკურსს გამოაცხადებს. ამის შესახებ ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციის დროს განაცხადა მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.
12 დეკემბერს განათლების მინისტრმა თქვა, რომ 840 სკოლაში სამეურვეო საბჭოებმა შეარჩიეს დირექტორები, 1000-მდე სკოლაში კი კანდიდატების შესარჩევად ახალი კონკურსი გაიმართება.
“უახლოეს მომავალში სრულიად სამართლიანი, გამჭვირვალე კონკურსი გამოცხადება იმ დარჩენილ სკოლებში, სადაც შერჩევა ვერ მოხდა. ყველას მივცემთ შესაძლებლობას, რომ შემოვიდეს კონკურსში და უზრუნველვყოთ, რომ სკოლებში არჩევნები იყოს გაცილებით უფრო მრავალფეროვანი… გვინდა თავად სკოლებმა გადაწყვიტონ, ვინ არიან მათი დირექტორები… უახლოეს მომავალში გაიხსნება ეს კონკურსი და 2-3 თვეში ყველა სკოლაში მივიღებთ ახალ ლიდერებს, დირექტორებს”, – განაცხადა მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.
დღეს, 13 დეკემბერს კი, სამინისტროს უკვე მიმართეს იმ მასწავლებლებმა, რომლებსაც დირექტორობა უნდათ. ისინი ითხოვენ, დასახელდეს კონკურსის გამოცხადების კონკრეტული თარიღი. მათი სურვილია, პროცესი იყოს გამჭვირვალე, განისაზღვროს კონკურსის პირობები და მოხდეს აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
ბოლო რამდენიმე დღეა თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, განათლების სამინისტროს შენობის წინ, აქციას მართავს რამდენიმე მასწავლებელი, რომლებიც საკუთარ თავს დირექტორობის “დაბლოკილ კანდიდატებს” უწოდებენ.
