საქართველოში 90 ათასამდე კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთა მხოლოდ 0.6% მსხვილ, ხოლო 2.5% საშუალო ზომის საწარმოდ არის კლასიფიცირებული. დანარჩენი მცირე ზომის კომპანიებია. 2023 წლის მდგომარეობით, საქართველოში წარმოდგენილ კომპანიებს შორის ასი ყველაზე ძვირადღირებულის ჯამური ღირებულება 77.6 მლრდ ლარს აჭარბებდა.
წარმოგიდგენთ ქართულ ბაზარზე წარმოდგენილ ყველაზე ძვირადღირებული კომპანიების ასეულს. რეიტინგში კომპანიების ღირებულება მათ ფინანსურ ანგარიშებზე დაყრდნობით, Forbes Georgia-ს ანალიტიკური გუნდის მიერ სრულიად დამოუკიდებლად შეფასდა.
კომპანიების ღირებულების შეფასება და რეიტინგის მომზადება ეფუძნება მათი 2023 წლის ფინანსურ ანგარიშებს, რომელთა წყარო ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ანგარიშების პორტალში წარმოდგენილი ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგებებია. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოპოვებულია საჯარო რეესტრიდან, საკუთარი ვებგვერდიდან და სხვა საჯარო წყაროებიდან.
