უკრაინის დედაქალაქ კიევში გრძელდება სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, რომელიც 31 ივლისს, გამთენიისას დაიწყო რუსული დრონებით და რაკეტებით მასირებული შეტევის შემდეგ.
დაღუპულია სულ მცირე 8 ადამიანი, მათ შორის ბავშვი.
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ტიმურ ტკაჩენკოს ტელეგრამ-არხზე დღის ორი საათისთვის გამოქვეყნებული განახლებული ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვი 124-მდე გაიზარდა.
მანამდე ტკაჩენკო 82 დაშავებულის შესახებ იუწყებოდა.
კიევის სვიატოშინსკის რაიონში რუსულმა რაკეტამ მთლიანად დაანგრია მრავალბინიანი სახლის ერთი სადარბაზო. სერიოზულად დაზიანდა სოლომენსკის რაიონში მდებარე ერთ-ერთი სახლიც. კიევში დაზიანებულია არასაცხოვრებელი შენობებიც, მათ შორის საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები და რკინიგზა.
საჰაერო ძალების ინფორმაციით, უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევისას რუსეთის ჯარებმა 309 უპილოტო საფრენი აპარატი და 8 ფრთოსანი რაკეტა „ისკანდერი“ გამოიყენეს.
დარტყმის მთავარი მიმართულება იყო დედაქალაქი კიევი.
საჰაერო ძალების ცნობით, მოგერიებულია 288 დრონი და 3 ფრთოსანი რაკეტა. სარდლობა ადასტურებს, რომ მოუგერიებელი 5 რაკეტიდან ერთი კიევში სახლს მოხვდა. საერთო ჯამში, 5 რაკეტით და 21 დრონით პირდაპირი დარტყმა იყო 12 ადგილზე, ძირითადად, კიევში.
ფორუმი
