ერევანში, სომხეთის პარლამენტთან, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის 12 ივნისს, საღამოს, მომხდარი დაპირისპირების შედეგად 101 ადამიანი დაშავდა.
ეს ინფორმაცია დღეს, 13 ივნისს დილით, გამოაქვეყნა სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ. მისი მონაცემებით, 85-მა პირმა სამედიცინო დაწესებულებები პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ დატოვა, სხვები კი კლინიკაში რჩებიან. სომხეთის შსს-ს ცნობით, დაშავებულებს შორის 16 პოლიციელია.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე აქციის მონაწილეებმა სომხეთის პარლამენტის შენობისკენ მიმავალი, პოლიციის მიერ გადაკეტილი გზების გარღვევა სცადეს. ამ დროს პარლამენტში ფაშინიანიც იმყოფებოდა.
დემონსტრანტების დასაშლელად სამართალდამცავებმა გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, მათ შორის აკუსტიკური იარაღი. დაკავებულია აქციის, სულ მცირე, 70 მონაწილე.
სომხეთის ხელისუფლებამ პოლიციის ქმედებებს კანონიერი უწოდა. საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა მასობრივი არეულობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის მუხლით.
სომხეთში მაისის დასაწყისიდან გრძელდება საპროტესტო აქციები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის და დროებითი მთავრობის შექმნის მოთხოვნით.
გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო შეთანხმების საფუძველზე ბაქომ დაიბრუნა სომხეთის ტავუშის რაიონთან მოსაზღვრე ოთხი სოფელი.
ანტისამთავრობო საპროტესტო მოძრაობას, „ტავუში სამშობლოსთვის“ ხელმძღვანელობს ტავუშის არქიეპისკოპოსი ბაგრატი(გალსტანიანი).
მთიან ყარაბაღზე აზერბაიჯანის კონტროლის სრულად აღდგენის შემდეგ, ბაქომ და ერევანმა მოლაპარაკება დაიწყეს სამშვიდობო შეთანხმებაზე, რომლის მისაღწევად დღის წესრიგში დადგა საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხიც. 2024 წლის მარტში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ პროცესი დაიწყო. ამას ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა.
1 მაისს სომხეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაცია აუცილებელია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, ახალი კონფლიქტი გამოიწვიოს. ერევანსა და ბაქოს შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმნენ აშშ და ევროკავშირი.
24 მაისს აზერბაიჯანის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ქვეყნის სასაზღვრო სამსახურმა კონტროლი აღადგინა ოთხ სოფელზე, რომლებსაც 90-იანი წლებიდან, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სომხეთი აკონტროლებდა. თავის მხრივ, სომხეთის სასაზღვრო სამსახურმა დაიწყო აზერბაიჯანთან მოსაზღვრე ტავუშის ოლქის სამი სოფლის დაცვა დაახლოებით 7-კილომეტრიან მონაკვეთზე. შესაბამისად, აზერბაიჯანმა და სომხეთმა საზღვრის ამ რაიონიდან გაიყვანეს შეიარაღებული ძალების სამხედროები და კონტროლი მესაზღვრეებს გადასცეს.
· 2023 წლის 19-20 სექტემბერს ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად აზერბაიჯანმა კონტროლი დაიბრუნა 90-იან წლებში დაკარგულ მთიან ყარაბაღზე და აღდგენილად გამოაცხადა საკუთარი სუვერენიტეტი.
· ყარაბაღზე ბაქოს სრული კონტროლის აღდგენას მოჰყვა ადგილობრივი სომეხი მოსახლეობისგან რეგიონის დაცლა.