100 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღის აშენება სენაკში 5 მილიონ ლარზე მეტი ჯდება – პროექტი„აზიის განვითარების ბანკის“ მხარდაჭერით ხორციელდება

„სენაკში ერთ-ერთი საუკეთესო საბავშვო ბაღი აშენდა. სამუშაოები მალე დასრულდება და ქალაქს თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ახალი ბაღი ექნება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ყველა რეგიონში, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში, მიმდინარეობს ბაღების, სკოლების და სხვა საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ისეთი როგორიც არასდროს ამ ქვეყნის ისტორიაში არ ყოფილა,“-აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, სენაკის ახალი საბავშვო ბაღის დათვალიერების შემდეგ.
ახალი საბავშვო ბაღი 100 აღსაზრდელზეა გათვლილი. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ყველა საჭირო სივრცე: საძინებელი, სათამაშო, გამოსაცვლელი და ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო, სასადილო, სამრეცხაო, ლიფტი და საევაკუაციო კიბეები, გარე რეკრეაციული და სათამაშო მოედნები. საბავშვო ბაღი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
სენაკის საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, „აზიის განვითარების ბანკის“ მხარდაჭერით ახორციელებს. სამუშაოების ჯამური ღირებულება 5 მილიონ ლარს აღემატება.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.