დღეს ყველა ხელოვნურ ინტელექტზე ლაპარაკობს.
ვინ არიან დღეს AI ლიდერები მსოფლიოში, რომელთა სიტყვასაც დიდი წონა აქვს და მათ ამ ინდუსტრიის აზროვნების ლიდერებად მოიხსენიებენ. ეს სტატუსი ქვემოთ ჩამოთვლილ ადამიანებს შემთხვევით არ მოუპოვებიათ. მათ აქვთ ინდუსტრიის ღრმა ცოდნა, არიან ძლიერი კომუნიკატორები, შეუძლიათ, რთული თემების ადამიანურ ენაზე ახსნა. ეს თემებია: მანქანური სწავლება, დიდი ენობრივი მოდელები (LLM), ნეირონული ქსელები.
წარმოგიდგენთ 10 ასეთ პერსონას, რომლებიც დღეს AI ლანდშაფტს ქმნიან:
იენსენ ჰუანგი
ჰუანგი Nvidia-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. ხელოვნური ინტელექტის გრაფიკული დამუშავების ერთეულების (GPU) წყალობით, ის პირველ საჯარო კომპანიად იქცა, რომლის საბაზრო ღირებულებამ 4 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. ტექნოლოგიური ოპტიმისტი ფიქრობს, ხელოვნური ინტელექტი ფუნდამენტურად გააუმჯობესებს ჩვენი მუშაობისა და ცხოვრების წესს, მაშინაც კი, თუ ამის მისაღწევად გარდამავალი პერიოდი არც ისე მარტივი იქნება.
ჯეფრი ჰინტონი
„ხელოვნური ინტელექტის ნათლიად“ წოდებული ჰინტონი კომპიუტერული მეცნიერი და კოგნიტიური ფსიქოლოგია. ბრიტანელ-კანადელმა აკადემიკოსმა 2024 წელს ფიზიკის დარგში ნობელის პრემია მიიღო ნეირონული ქსელების გამოყენებით მანქანური სწავლების პიონერული განვითარების ხელშეწყობისთვის, რამაც ხელოვნური ინტელექტის განვითარებას საფუძველი ჩაუყარა.
ჰინტონი ხშირად აკეთებს კომენტარებს მედიასთან და გამოდის კონფერენციებზე. ბოლო წლებში ის გვაფრთხილებდა იმ რისკის შესახებ, რომ ხელოვნური ინტელექტის აგენტებმა შეიძლება ადამიანებზე კონტროლიც კი მოიპოვონ.
დარიო ამოდეი
Anthropic-ის თანადამფუძნებელი ამოდეი 2025 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი, ფიზიკის დოქტორი და OpenAI-ის კურსდამთავრებულია, რომელიც ხშირად გამოდის საჯაროდ, ატარებს ინტერვიუებსა და პოდკასტებს. მისი ბლოგპოსტები მოიცავს სიღრმისეულ მსჯელობას იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა.
ფეი-ფეი ლი
სფეროში, სადაც კაცები დომინირებენ, კომპიუტერული მეცნიერებების პროფესორი ლი „ხელოვნური ინტელექტის ნათლიაა“. მისი პოპულარობის მიზეზი ImageNet-ია, სურათების უზარმაზარი მონაცემთა ნაკრები, რომელმაც გზა გაუხსნა კომპიუტერულ ხედვასა და ღრმა სწავლებას. ლი ამჟამად ადამიანზე ორიენტირებული ხელოვნური ინტელექტის სტენფორდის ინსტიტუტის თანახელმძღვანელია, რომლის მიზანია ხელოვნური ინტელექტის კვლევის, განათლებისა და პოლიტიკის წინსვლა ადამიანის ცხოვრების გასაუმჯობესებლად.
სემ ალტმანი
OpenAI-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ალტმანმა, გენერაციული ხელოვნური ინტელექტი მეინსტრიმად აქცია 2022 წელს ChatGPT-ის გამოშვებით. მისი კომპანიის ჩატბოტის მსგავსად, სტენფორდის კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტის ყოფილი სტუდენტი ცნობილი სახელია უზარმაზარი მასშტაბითა და გავლენით.
იან ლეკუნი
ლეკუნი Meta-ს მთავარი ხელოვნური ინტელექტის მეცნიერია, თუმცა ეს მისი მრავალი მიღწევიდან მხოლოდ ერთ-ერთია. ხელოვნური ინტელექტის კიდევ ერთმა „ნათლიამ”, ფრანგმა მკვლევარმა სხვა ტექნოლოგიებთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ღრმა სწავლებასა და კომპიუტერულ ხედვაში.
კეიტ კროუფორდი
როგორც მეცნიერი კროუფორდი მიიჩნევს, ხელოვნური ინტელექტი არც ხელოვნურია და არც ინტელექტუალური. ბოლოს და ბოლოს, ის ბუნებრივი რესურსებისა და ადამიანის შრომისგან შედგება. მწერალი, კომპოზიტორი, ვიზუალური მხატვარი და აკადემიკოსი, კროუფორდი Microsoft Research-ის უფროსი მთავარი მკვლევარია და რამდენიმე კვლევითი ინსტიტუტის თანადამფუძნებელი.
2021 წელს გამოსცა წიგნი Atlas of AI: Power, Politics, and the Planetary Costs of Artificial Intelligence, რომელშიც იგი იკვლევდა ხელოვნური ინტელექტის სოციალურ და პოლიტიკურ გავლენას. ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია ხელოვნური ინტელექტის სფეროში და ხშირად იძლევა ინტერვიუებს ამ თემაზე.
დემის ჰასაბისი
სტარტაპ Google DeepMind-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ხელოვნური ზოგადი ინტელექტის იმ ეტაპისკენ მიისწრაფვის, როცა ის თითქმის ყველანაირად გაუტოლდება ან აღემატება ადამიანის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს. ცოტა ხნის წინ პოდკასტში გამოჩენისას, ბრიტანელმა მკვლევარმა განაცხადა, რომ ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ამ მიზნის მიღწევასთან.
ენდრიუ ნგ
მეწარმე, აკადემიკოსი და კომპიუტერული მეცნიერი ნგ მანქანური სწავლებისა და ონლაინგანათლების მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. ის ადამიანის ტვინის სიმულირებისთვის ნეირონულ ქსელებს იყენებს. მანამდე ის ხელოვნური ინტელექტის კვლევითი ჯგუფის Google Brain-ის ხელმძღვანელი და ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის Baidu-ს მთავარი მეცნიერი იყო, ასევე პლატფორმების Coursera-სა და DeepLearning.AI-ს თანადამფუძნებელი.
ამჟამად ის ხელმძღვანელობს AI Fund-ს, სტუდიას, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ინოვაციების დაჩქარებაზეა ორიენტირებული.
ანდრეი კარპატი
კარპატიმ სწრაფად განვითარებად ინდუსტრიაში დიდი გამოცდილება მიიღო. OpenAI-ის დამფუძნებელი წევრი და მკვლევარი მეცნიერი, Tesla-ში ხელოვნური ინტელექტის უფროსი დირექტორი გახდა, სადაც Tesla Autopilot-ის კომპიუტერული ხედვის გუნდს ხელმძღვანელობდა.
გასულ წელს კარპატიმ Eureka Labs დააარსა, ონლაინპლატფორმა, რომლის მიზანია ხელოვნური ინტელექტის ასისტენტების განათლებაში გამოყენება.
